LIVE

ბრიტანეთში ყოველი მეორე ზრდასრული ადამიანი აცრილია

20 მარ 202117:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 738
ბრიტანეთში ყოველი მეორე ზრდასრული ადამიანი აცრილია

დიდ ბრიტანეთში ზრდასრულთა ნახევარზე მეტი მინიმუმ ერთი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არის აცრილი. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა, განაცხადა.

"გუშინ ჩვენ ამდროისთვის ყველაზე მეტი ადამიანი ავცერით. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ვაქცინაცია ზრდასრული ბრიტანელების ნახევარს ჩაუტარდა. ვაქცინაცია ჩვენი წარმატება და პანდემიიდან გამოსავალია," წერს ჰენკოკი Twitter-ზე და აუცრელ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.  

გუშინ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმაც გაიკეთა. 

 

18 მარტის მონაცემებით, ბრიტანეთში მინიმუმ ერთი დოზა ვაქცინა 26.3 მილიონ ადამიანს გაუკეთდა, 2 მილიონზე მეტი კი ორივე დოზით აიცრა. ამ მაჩვენებლით ბრიტანეთი ევროკავშირის ქვეყნებს მნიშვნელოვნად უსწრებს. შედარებისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინა ყოველი 10-დან ერთზე ნაკლებს აქვს გაკეთებული.   

ამ წარმატების მიუხედავად, ბრიტანეთში ვაქცინაცია საფრთხის ქვეშაა, რადგან, შესაძლოა, ვირუსის ახალმა შტამებმა ვაქცინის ეფექტიანობა შეამციროს. კიდევ ერთ დაბრკოლებად ვაქცინის არასტაბილური მიწოდება განიხილება.

ოთხშაბათს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტმა ვაქცინების სადისტრიბუციო ქსელი მარტის ბოლოდან მომარაგების ოთხკვირიანი შეფერხების შესახებ გააფრთხილა.

კორონავირუსმა ქვეყანაში 126 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ვირუსით გარდაცვალებულთა სტატისტიკის მიხედვით, ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჩარლზ კაპელი და რაიან ჰესკეტი