LIVE

AstraZeneca: გერმანიაში თრომბის გამომწვევ მიზეზს მიაგნეს

20 მარ 202110:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 6671
AstraZeneca: გერმანიაში თრომბის გამომწვევ მიზეზს მიაგნეს
Gen Shkullaku/AFP/Getty Images

ჩრდილოეთ გერმანიის Greifswald-ის სასწავლო ჰოსპიტალის მკვლევრები იუწყებიან, რომ AstraZeneca-თი ვაქცინირებულთა მცირე ჯგუფში სისხლის შედედების გამომწვევ მიზეზს მიაგნეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს

მეცნიერებმა კვლევით დაადგინეს, თუ როგორ იწვევდა ვაქცინა პაციენტების მცირე რიცხვში თავის ტვინის იშვიათ თრომბოზს. 

კვლევის თანახმად, ამ აღმოჩენის შემდეგ, იმ პაციენტებთან, რომლებთანაც მსგავსი პრობლემა თავს იჩენს, სისხლში თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგოდ მიზნობრივი მკურნალობა დაინიშნება. 

Greifswald-ის მიგნება ჯერ არ გამოქვეყნებულა სამეცნიერო ჟურნალში და ჯერჯერობით ის არც დამოუკიდებელ ექსპერტებს შეუფასებიათ. აღმოჩენას ამჟამად გერმანიის Paul-Ehrlich-Institute სწავლობს. ინფორმაცია მთელი ევროპის მასშტაბით სავადმყოფოებს მიეწოდათ. 

აცრის შემდგომ სიმპტომები, როგორებიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და მხედველობის დაქვეითება, რომელიც ვაქცინაციიდან სამ დღეზე მეტხანს გრძელდება, შემდგომ სამედიცინო შემოწმებას საჭიროებს. 

ბოლო პერიოდში გაჩნდა ეჭვი, რომ, შესაძლოა, AstraZeneca-ს ვაქცინა სისხლში თრომბის წარმოქმნას იწვევს. ამის გამო, ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ ამ ვაქცინის გამოყენება შეაჩერა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სხვადასხვა ორგანომ, მათ შორის, ევროპის წამლის სააგენტომ, გაავრცელა განცხადება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა და მისი შეჩერების საფუძველი არ არსებობს, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, გუშინ ვაქცინის გამოყენება განაახლა.