LIVE

ყველაფერი, რაც ვაქცინაციისა და AstraZeneca-ს შესახებ უნდა ვიცოდეთ

19 მარ 202115:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 4546
ყველაფერი, რაც ვაქცინაციისა და AstraZeneca-ს შესახებ უნდა ვიცოდეთ

ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მსოფლიო ყურადღების ცენტრში AstraZeneca-ს ვაქცინა მოექცა. თრომბოემბოლიის განვითარების შემდეგ რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინაცია შეჩერდა, მთავრობები ევროპის წამლის სააგენტოს (EMA)-ს საბოლოო დასკვნას ელოდებოდნენ. საქართველოში კი, ვაქცინაციის პროცესის მიმართ შიში კიდევ უფრო მეტად გაზარდა ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებამ. ვაქცინის მიღების შემდეგ 27 წლის მეგი ბაქრაძეს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

როგორ მოქმედებს ვაქცინა და კონკრეტულად, AstraZeneca

AstraZeneca-ს ვაქცინა დამზადებულია შიმპანზეების გაციების ვირუსის შესუსტებული ვერსიისგან, რომელიც ადენოვირუსის სახელით არის ცნობილი. ინექციის შემდეგ, ის ასწავლის იმუნურ სისტემას, თუ როგორ გაუმკლავდეს რეალურ ვირუსს, თუკი ამის საჭიროება გაჩნდება.

ვაქცინები შეიცავს სპეციფიკური ორგანიზმის (ანტიგენის) დასუსტებულ ან არააქტიურ ნაწილებს, რომლებიც ორგანიზმში იწვევენ იმუნურ რეაქციას. ახალი ვაქცინები უფრო ანტიგენის წარმოების გეგმას შეიცავენ, ვიდრე თავად ანტიგენს. ორგანიზმი იძენს დაავადების გამომწვევი ორგანიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უნარს, ქმნის პათოგენის მეხსიერებას, რათა სწრაფად ებრძოლოს მას მომავალში.

რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ვაქცინაციას

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ვაქცინებსაც გარკვეული გვერდითი მოვლენები ახასიათებთ. ვაქცინირებულ ადამიანთა ნაწილს აღენიშნება ცხელება, თავისა და ინექციის ადგილის ტკივილი. ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, სწრაფად ქრება.

ვაქცინაციის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი ალერგიული რეაქცია და ანაფილაქსიური შოკია. მისი განვითარების ალბათობა და შემთხვევები მცირეა, თუმცა ვაქცინების მიმართ გავრცელებული უნდბლობისა და ატივაქსერთა მიერ წარმოებული კამპანიის ფონზე, თითოეული შემთხვევა მსოფლიოში განგაშს იწვევს.

ვაქცინაცია, ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსიური შოკი

ადამიანის ორგანიზმი უცხო სხეულებს რამდენიმე მექანიზმის საშუალებით ებრძვის, მათ შორის დამცავი ცილებისა და ანტისხეულების წარმოქმნით, ტოქსინების გამოყოფით, რომლებიც კლავენ მიკრობებს და ხელს უწყობენ დამცავი უჯრედების ფორმირებას ინფექციებთან საბრძოლველად.

იშვიათ შემთხვევებში, სერიოზულმა ალერგიულმა რეაქციამ შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ანთება და ქსოვილის შეშუპება, იგივე ანაფილაქსია. სხვადასხვა ნივთიერებებზე ასეთი რეაქცია ამერიკის მოსახლეობის 5%-ს ჰქონდა. მსგავსი რეაქცის გამოწვევა შეუძლია მწერის ნაკბენსა და საკვებსაც, თუმცა წამლისგან გამოწვეული რეაქციები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ანაფილაქსიით გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

ალერგიის გამომწვევი მიზეზები არ არის ბოლომდე ნათელი. Scripps-ის კლინიკური კვლევების ექსპერტისა და დირექტორის, ერიკ ტოპოლის თანახმად, მიზეზი შეიძლება იყოს ორი: პოლიეთილენგლიკოლი - ქიმიური ნივთიერება, რომელიც გვხვდება საკვებში, კოსმეტიკურ საშუალებებსა და მედიკამენტებში და ლიპიდური ნანონაწილაკები, რომლებიც კაფსულსაში ათავსებს მესენჯერის RNA-ს. წარსულში პოლიეთილენგლიკოლი ასოცირდებოდა ანაფილაქსიის რამდენიმე შემთხვევასთან. მას შემდეგ, რაც მიზეზები დადგინდება, კოვიდის ვაქცინების გაკეთება სავარაუდოდ კიდევ უფრო უსაფრთხო გახდება, ვიდრე ახლა," ამბობს ტოპოლი. 

ანაფილაქსიის სწრაფად დაძლევა შესაძლებელია ანტიჰისტამინური საშუალებებით, ადრენალინის ნემსებით, რაც ანელებს ან აჩერებს იმუნურ რეაქციებს. ამასთან, ეს მედიკამენტები არ ამცირებს ვაქცინების ეფექტიანობას. აშშ-ში ჯანდაცვის მუშაკები ვაქცინირებულ ადამიანებს 15 წუთის განმავლობაში აკვირდებიან. თუ პაციენტს ალერგიული რეაქციის მძიმე ისტორია აქვს, მას 30 წუთის განმავლობაში აკონტროლებენ. CDC-ს თანახმად, ადამიანებმა, რომლებსაც ალერგიული რეაქცია ჰქონდათ ვაქცინის პირველ დოზაზე, მეორე ინექციის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.

კავშირი ვაქცინაციასა და თრომბოემბოლიას შორის

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში AstraZeneca-ს ვაქცინით მილიონობით ადამიანი აიცრა, თრომბოემბოლიის რამდენიმე შემთხვევამ განგაში გამოიწვია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რამდენიმე ქვეყანამ აღნიშნული ვაქცინით იმუნიზაციის კამპანია შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ შეჩერების გადაწყვეტილება არ უკავშირდება ვაქცინის საფრთხეს. მთავრობებმა ექსპერტებს მისცეს დრო, შეესწავლათ, რამ განაპირობა თრომბის განვითარება ვაქცინირებულ ადამიანებში.

18 მარტს EMA-მ განაცხადა, რომ აქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. ამასთან, მისი სარგებელი რისკს აღემატება. EMA-ს განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა თქვა, რომ არ არსებობს AstraZeneca-ს ვაქცინასა და ვენებში სისხლის შედედებას შორის კავშირის დამამტკიცებელი საბუთი. სააგენტოს განცხადების შემდეგ, ევროპის ქვეყნებში AstraZeneca-ს გამოყენებით ვაქცინაციის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.

რატომ გვჭირდება ვაქცინაცია

ვაქცინის შექმნა და იმუნიზაციის კამპანიები კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის გადარჩენის მიმართულებით. ვაქცინების მეშვეობით ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება. მათი მნიშვნელობა ერთიორად გაიზარდა კოვიდ პანდემიის ფონზე, რამდენადაც პანდემიის დაძლევის ერთადერთ გზად სწორედ ვაქცინა განიხილება. პანდემიასთან გამკლავება და ცხოვრების ნორმალური რიტმის აღდგენა კი, თავისთავად, ეკონომიკის გაჯანსაღების აუცილებელი წინაპირობაა.