LIVE

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა - დაგვიანებული, მაგრამ სწორი ნაბიჯი

18 მარ 202118:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 1003
რეფინანსირების განაკვეთის ზრდა - დაგვიანებული, მაგრამ სწორი ნაბიჯი

პანდემიის ფონზე, კორონავირუსის გავრცელების შე­კავების ღონისძიებების გამო, ზოგიერთი საქონ­ლისა და მომსახურების მიწოდების ხარჯების ზრდამ და გაცვლითი კურსის გაუფასურებამ, 2020 წლის გაზაფხულზე ინფლაციის მაჩვენებლის მატება გამოიწვია, თუმცა, მაისიდან შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. 

მოთხოვნის შემცირების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო და რეფინანსირების  განაკვეთი აპრილ-აგვისტოში ჯამურად 1.0 პროცენტული პუნქტით შეამცირა ( 9%-დან 8%-მდე), თუმცა,  შემდეგ პერიოდებში, კვლავ გამოიკვეთა ინფლაციური რისკები, ამიტომ, მონეტარული პოლი­ტიკის განაკვეთი 2020 წლის აგვისტოს შემდეგ, 2021 წლის 17 მარტამდე,  უცვლელად, 8 პროცენტის დონეზე ნარჩუნდებოდა.

ახლახანს, ეროვნულმა ბანკმა ეს განაკვეთი ნახევარი პროცენტული პუნქტით გაზარდა. ეს აუცილებელი იყო.  მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის იანვარში,  წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ილუზორული იყო - მისი „შემცირება“  მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას უკავშირდება და დროებითი ხასიათისაა.

რამდენად სწორი იყო გასულ წელს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები, როცა მალევე მოუწია მასზე უარის თქმა და კვლავ დაიწყო მისი მომატება? ალბათ, თავიდანვე არ იყო სწორი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მონეტარული პოლიტიკის ცვლილება ეკონომიკაზე გავლენას ეტაპობრივად ახდენს და მისი ეფექტი სრულად 4-6 კვარტლის შემდგომ რეალიზდება, გამოდის, რომ შერბილებული პოლიტიკის ზემოქმედება არ მოხდა მოხდა იმ ზომით, როგორც ამას ეროვნული ბანკი ვარაუდობდა. შესაბამისად, „შუა გზაზე“ მოუხდა პოლიტიკის კორექტირება და უკუპროცესის ჩართვა.

ამავე პერიოდში, ეროვნული ბანკი ზედმეტად გულუხვი იყო რეფინანსირების სესხების ზრდის ნაწილშიც და ფაქტობრივად, შეუფერხებლად აკმაყოფილებდა კომერციული ბანკების ნებისმიერ მოთხოვნას. 2020 წლის მარტიდან რეფინანსირების სესხები (ერთკვირიანი) უპრეცედენტო ოდენობით გაიზარდა და 1,7 მილიარდი ლარიდან აპრილის თვეში 3,3 მილიარდ ლარს მიაღწია. მაღალი მაჩვენებელი მთელი წლის განმავლობაში ნარჩუნდებოდა (დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ფარგლებში), რაც ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი გახდა მთავრობის ფისკალურ პოლიტიკასთან ერთად. 

2021 წლის დასაწყისიდან რეფინანსირების სესხების მოცულობამ მკვეთრად იკლო და  თებერვლიდან დღემდე 1,1-1,4 მილიარდი ლარის ფარგლებში მერყეობს. მისი შემცირება განპირობებულია მთავრობის მხრიდან კომერციული ბანკებისადმი საკრედიტო რესურსების მზარდი მიწოდებით,  რაც ფისკალური არხებით  „იაფი ფულის“ პოლიტიკის წარმოებას უწყობს ხელს.  

უპრეცედენტო მასშტაბის ბიუჯიტის დეფიტი (მშპ-ს 8%-ის ფარგლებში 2020 წელს), ასევე პანდემიასთან საბრძოლველად მოზიდული საგარეო დახმარებების (₾5 მლრდ) ნახევრის (2, 496 მილიარდი ლარი) განთავსება ხაზინის ნაშთებში და ამ რესურსების მთლიანად კომერციული ბანკების დეპოზოტებზე აკუმულირება, რასაც ემატება საპენსიო ფონდში მოზიდული 1,2 მილიარდი ლარის მთლიანად კომერციულ ბანკებზე გასესხება, ფასებზე ზეწოლისა და ლარის შემდგომი  გაუფასურების მიზეზი შეიძლება გახდეს.  

ტურისტული ნაკადების ფაქტობრივად შეწყვეტის  ფონზე, რომლის მცირე ოდენობით აღდგენა თუ მოხერხდება 2021 წელს, არ არის მოსალოდნელი  სავალუტო შემოდინებების მატება. ეს ლარის  გაუფასურების რისკებს ზრდის. ინფლაციის სიდიდეზე მოქმედი სხვა  ფაქტორებისა და არსებული რისკების გათვალისწინებით, აუცილებელი იქნება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რაც წლის განმავლობაში არც რეფინანსირების განაკვეთის შემდგომ ზრდას გამორიცხავს.

მოსაზრების ავტორი: რომან გოცირიძე

სტატიაში გამოთქმული მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს Businessformula.ge-ს პოზიციას.