Gates Foundation-ის თანათავმჯდომარის, მელინდა გეიტსის აზრით, მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლისთვის მთავრობებს მეტი როლი აქვთ, ვიდრე ქველმოქმედ მილიარდერებს.
"ფილანტროპიული ინიციატივები ხშირად იღებენ რისკებს საკუთარ თავზე," - ამბობს ის Bloomberg-ის თანასწორობის სამიტის ფარგლებში გამართულ ინტერვიუში, ”მათ შეუძლიათ დანერგონ ინოვაციები, რომლებიც ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ ვერ. შეუძლიათ მოძებნონ პრობლემის გადაწყვეტის ახალი გზები და დაგვეხმარონ მონაცემთა შეგროვებაში. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყოველთვის მთავრობაზეა დამოკიდებული ამ ინოვაციების გაუმჯობესება და ცვლილებები."
გეითსმა Covid-19 ვაქცინის შექმნა სრულყოფილ მაგალითად დაასახელა, თუ როგორ შეიძლება მდიდარმა კერძო პირებმა, ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა ფარმაცევტული კომპანიები, მიმართონ ფინანსები ინოვაციებზე.
ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნასა და ტესტირებას ასობით მილიონი შესწირა, თუმცა საბოლოოდ, მელინდა გეითსი მაინც ფიქრობს, რომ ბოლო სიტყვა მთავრობაზეა, რადგან ის არის აღმასრულებელი.
"ყველაფერი მთავრობაზეა დამოკიდებული, თუმცა ქველმოქმედება ხელს უწყობს განვითარებას,"- დასძენს ის.
56 წლის მელინდა გეიტსი Microsoft-ის თანადამფუძნებლის და მსოფლიოში სიმდიდრით მესამე ადამიანის ცოლია. ბილ გეიტსის ქონება $140 მილიარდად არის შეფასებული.
Gates Foundation, რომელიც წყვილმა ერთად დააფუძნა, ერთ-ერთი უდიდესი საქველმოქმედო ფონდია მსოფლიოში. ფონდმა გრანტების სახით 2019 წელს თითქმის 55 მილიარდი დოლარი გაიღო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დევონ პედლტონი და ემილი ჩანგი