LIVE

Tencent და Sony ფსონს cloud თამაშებზე დებენ

17 მარ 202112:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 520
Tencent და Sony ფსონს cloud თამაშებზე დებენ
Bloomberg

Tencent და Sony ღრუბლოვან თამაშებზე ფსონებს აძლიერებენ. ორივე კომპანია იაპონური საწარმოს Ubitus-ის საინვესტიციო რაუნდს შეუერთდა.

Ubitus–მა, რომელიც სპეციალიზირებულია ღრუბლოვან სათამაშო ტექნოლოგიებსა და მომსახურებებზე, განაცხადა, რომ  დაასრულა ინვესტიციების მოზიდვის რაუნდი Tencent–ის, Sony-ის და Square Enix Holdings-ის მონაწილეობით.

Tencent აძლიერებს ძალისხმევას ღრუბლოვანი თამაშების გასავითარებლად, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ მაღალი დონის თამაშებით ისე, რომ არ ფლობდნენ ძვირადღირებულ ტექნიკას, როგორიცაა კონსოლები და კომპიუტერები. Netflix-ის კონცეფციის მსგავსად, ღრუბლოვანი თამაშები მომხარებლებს სერვერებიდან ინტერნეტის საშუალებით გადაეცემათ ტელევიზორების, სმარტფონების და სხვა ეკრანების გამოყენებით.

როგორც Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსი, მეთიუ კანტერმენი ამბობს, ღრუბლოვანი თამაშები, გრძელვადიან პერსპექტივაში, შეამსუბუქებს დატვირთვას მრავალი პლატფორმისთვის, ხელს შეუწყობს თამაშების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას და სააბონენტო შემოსავლის გენერირებას, თუმცა იმისთვის რომ წამყვანი მიმართულება გახდეს, მან კიდევ გრძელი გზა უნდა გაიაროს.

ღრუბლოვანი თამაშების მიმართ სკეპტიციზმის მიუხედავად, ვიდეო თამაშების პლატფორმების არაერთი მფლობელი ხედავს  პოტენციალს ამ ტექნოლოგიაში და ვარაუდობს, რომ მას  კონსოლზე დაფუძნებულ ბიზნეს მოდელებთან თანაარსებობა თავისუფლად შეუძლია.

Sony მომხმარებელს უკვე სთავაზობს PlayStation Now- ს, ხოლო Microsoft- ს აქვს პროექტი xCloud, ორივე მათგანი თამაშებს სტრიმინგის მეთოდით ავრცელებს მომხმარებელზე. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტაკაში მოჩიზუკი