LIVE

ბერნი სანდერსმა ბეზოსი სენატში მიიწვია

13 მარ 202112:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 1380
ბერნი სანდერსმა ბეზოსი სენატში მიიწვია
Bloomberg

სენატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბერნი სანდერსმა, Amazon.com-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი სენატში შემოსავლებისა და ქონების უთანასწორობის შესახებ მოსმენაზე მიიწვია.  

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება $ 182.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამავე დროს, მისი კომპანიის ბევრი თანამშრომელი იმდენად ცოტას გამოიმუშავებს, რომ საკვების და სამედიცინო სერვისის მისაღებად დახმარებას მთავრობისგან იღებს, ისევე, როგორც სხვა უმსხვილესი კომპანიების, მაგალითად, Walmart-ისა და McDonald's-ის თანამშრომლები.

სიმდიდრის უთანასწორო განაწილებაზე სანდერსი მოსმენას 17 მარტს გეგმავს. მან ბეზოსი Amazon-ის ალაბამას საქონლის გამანაწილებელ ცენტრშიც დაპატიჟა, სადაც კომპანიის ზოგიერთი თანამშრომელი პროფკავშირების შექმნას გეგმავს.

Amazon-ის სპიკერის განცხადებით, ბეზოსი მოსმენაზე დასწრებას არ აპირებს, თუმცა მინიმალური ხელფასის შესახებ მის წინადადებას იწონებს. Amazon-მა ახლახან მინიმალური ხელფასის მხარდასაჭერი სოციალური რეკლამაც გამოუშვა. 

”ჩვენ ვაფასებთ სენატორ სანდერსის მცდელობას, რომელიც კანონმდებლობის მეშვეობით, შემოსავლების უთანასწორობის შემცირებას და ყველა დასაქმებულისთვის საათში 15 დოლარიანი მინიმალური ფედერალური ხელფასის გაზრდას ითვალისწინებს”, - აღნიშნულია სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

2018 წელს კომპანიამ საწყისი ხელფასი საათში 15 დოლარამდე სანდერსისა და აქტივისტების ზეწოლის შედეგად გაზარდა. 

Amazon-ის დასაქმებულების მიერ პროფკავშირის შექმნას მხარს უჭერს ზოგიერთი რეპუბლიკელი. სენატორი მარკო რუბიო კომპანიას უზარმაზარი შემოსავლის ფონზე, თანამშრომელთათვის შექმნილი სამუშაო პირობების გამო, აკრიტიკებს და აცხადებს, რომ Amazon-ი ”მუშათა კლასის წინააღმდეგ სახელფასო ომს აწარმოებს”.

საცალო ვაჭრობის მუშაკთა კავშირის ხელმძღვანელი, სტიუარტ აპელბაუმი, რომელიც Amazon-ს ცენტრში მუშაობს, სენატორ რუბიოს მხარდაჭერას მიესალმება. მისი თქმით, ბრძოლა მშრომელთა დასახმარებლად "პარტიულ საკითხს არ უნდა წარმოადგენდეს".

რუბიოს განცხადებას Amazon-იც გამოეხმაურა. ”როდესაც სენატორი რუბიო ამბობს, რომ Amazon-ი მუშათა კლასის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, ის ამაში გულისხმობს 15 დოლარიან საწყისს ხელფასს, ყოვლისმომცველ შეღავათებს ან  ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას, რომელსაც თანამშრომლები საათობრივად იღებენ? თუ ის ამერიკელ მუშაკებს გვერდში უდგას, როგორც ამას თავად ამბობს, მან დღეს სენატორ სანდერსის მინიმალური ხელფასის შესახებ წინადადებას მხარი უნდა დაუჭიროს,” აღნიშნულია განცხადებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეტლინ მილერი და მეტ დეი