LIVE

რას გვეუბნება ფასები, ანუ უნდა ველოდოთ თუ არა გლობალურ ინფლაციას

12 მარ 202116:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 837
რას გვეუბნება ფასები, ანუ უნდა ველოდოთ თუ არა გლობალურ ინფლაციას
tendercapital

საფინანსო ბაზრებზე ერთ-ერთი მთავარი კითხვა ამჟამად იმაში მდგომარეობს, მოსალოდნელია თუ არა ინფლაციის ტემპის დაჩქარება პოსტ-პანდემიური გაჯანსაღების პარალელურად. ეს პროცესი ზოგიერთ ქვეყანაში უკვე სახეზეა.

ფასები სწრაფად იზრდება არაერთ პროდუქტზე და ინდუსტრიაში, რაც პირდაპირ კავშირშია Covid-19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან, საპასუხო ქმედებებთან თუ ეკონომიკის გაჯანსაღების იმედით განპირობებულ გაზრდილ მოთხოვნასთან.

რადიკალური სცენარის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ დღეს არსებული ფრაგმენტული ინფლაცია, ხვალ ფასების გლობალურ ზრდას მოიტანს, რასაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მთავრობების უპრეცენდენტო ფისკალური სტიმული. ამ მოსაზრების სკეპტიკოსები კი ინფლაციის ნიშნებს დროებით მოვლენად განიხილავენ და პარალელებს ავლებენ 2008 წლის ფინანსურ კრიზისთან, რასაც ფასების მკვეთრი ზრდა არ მოუტანია. 

ქვემოთ მოყვანილია სფეროები, სადაც ფასების ზრდა უკვე ფიქსირდება, ასევე გაანალიზებულია მათი კავშირი ინფლაციის საერთო სურათთან.

ლითონები

მთავრობები, პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის ფეხზე დაყენებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებით და მოქალაქეებზე ფინანსური დახმარებების გაცემით პასუხობენ, რომლებიც თავის მხრივ, მიღებული თანხის ნაწილს ელექტრომოწყობილობებზე ხარჯავენ. ორივე მიმართულება ზრდის მოთხოვნას ლითონებზე, შესაბამისად - მათ ღირებულებასაც.

სპილენძის ფასი მთელი გასული წლის განმავლობაში იზრდებოდა. რკინის და ნიკელის ფასები მრავალწლიან რეკორდს მიუახლოვდა, ხოლო ფოლადის ღირებულება გაორმაგდა უკანასკნელ 6 თვეში. ეს ტენდენცია აისახება მწარმოებლების ხარჯების ზრდაზეც.

ნახევარგამტარები

ნახევარგამტარები, ლოქდაუნის წლის მაღალ მოთხოვნადი პროდუქტების ძირითადი კომპონენტია. წლის განმავლობაში ფასებმა იმატა ლეპტოპებზე, ტელევიზორებზე, ვებ-კამერებზე, მეხსიერების ჩიპებზე და სხვა მსგავს პროდუქტებზე.

ნახევარგამტარებზე მოთხოვნის ზრდას თან დაერთო მიწოდების სირთულეები, რასაც გეოპოლიტიკური ფაქტორები ამწვავებენ. 400 მილიარდ დოლარიანი ინდუსტრიის ძირითადი აქტორები არიან ტაივანი და სამხრეთ კორეა. მათი საექსპორტო პოტენციალი სულ უფრო მეტად ექცევა აშშ-ჩინეთის დაპირისპირების ზეგავლენის ქვეშ, ხოლო ჩინელ მწარმოებლებზე დაწესებული სანქციები კიდევ უფრო აძვირებს გლობალურ ფასებს.

საკვები

პოსტ-პანდემიური გარდამავალი პერიოდი, სხვა მიზეზებთან ერთად (გვალვა და დაავადებები) მთელს მსოფლიოში გაზრდის ფასებს საკვებ პროდუქტებზე.

სურსათის ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება განვითარებადი ბაზრებისთვის, სადაც საკვებზე შემოსავლის არაპროპორციურად დიდი წილი იხარჯება და არსებობს შიმშილის რისკები.

ენერგია

ეკონომიკური რეაბილიტაციის შედეგად გაზრდილმა მოთხოვნამ, ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია, რასაც თან ერთვის მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდა ტურიზმის აღდგენასთან ერთად. პარალელურად, OPEC-ი ნავთობის მიწოდებაზე შეზღუდვებს ინარჩუნებს.

ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა დიდ გამოწვევას წარმოადგენს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ენერგიის იმპორტზე არიან დამოკიდებულნი. არსებობს რისკი, რომ გაიზრდება მათი სავაჭრო და საბიუჯეტო დეფიციტები, რაც დააფრთხობს ინვესტორებს და დაასუსტებს ადგილობრივ ვალუტებს.

უძრავი ქონება

დაბალი საპროცენტო განაკვეთების და დისტანციური მუშაობის სტანდარტის ფართოდ დანერგვის გამო, არაერთ ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასებმა იმატა, განსაკუთრებით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

საზღვაო გადაზიდვები

კონტეინერების ნაკლებობის გამო, საზღვაო გადაზიდვებზე ფასებმა იმატა უკანასკნელი თვეების განმავლობაში, რამაც შესაძლოა დამატებით გააძვიროს იმპორტირებული პროდუქცია.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მიშელ ჯამრისკო