LIVE

ბაიდენმა მიანმარის გადატრიალების ლიდერის შვილებს სანქციები დაუწესა

11 მარ 202111:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 382
ბაიდენმა მიანმარის გადატრიალების ლიდერის შვილებს სანქციები დაუწესა
Ye Aung Thu/AFP/Getty Images

შეერთებულმა შტატებმა მიანმარის სამხედრო გადატრიალების ლიდერის, მინ აუნ ჰლაინის, ზრდასრულ შვილებს და მათ მფლობელობაში მყოფ ბიზნესს სანქციები დაუწესა. 

36 წლის აუნ პიაე სონე და 39 წლის ხინ თირი თეტ მონი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შეიყვანა სიაში, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს მათთან და მათ ბიზნესთან საქმიან ურთიერთობას უკრძალავს. სამხედრო ლიდერის შვილების მფლობელობაშია რესტორანი, სპორტული დარბაზი, გალერეა და მედია ბიზნესი.

”ხაზინამ ამ ზომებს ბირმის დემოკრატიული გზით არჩეული სამოქალაქო მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი მკვლელობების საპასუხოდ მიმართა”, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში, სადაც მიანმარი ძველი სახელით, ბირმათი, არის მოხსენებული.

აშშ აცხადებს, რომ მათ მამის პოზიციითა და გავლენით ისარგებლეს. 2013 წელს აუნ პიაე სონემ იანგორში რესტორნისთვის მიწაზე ნებართვა 30 წლით ყოველგვარი კონკურენციის გარეშე მოიპოვა. გარდა ამისა, ხუთი წლის განმავლობაში, ის სხვებზე ნაკლებ გადასახადს იხდიდა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადატრიალების ლიდერის მიმართ ფინანსურ სანქციებს პირველმა მიმართა. მიანმარში გადატრიალება 1 თებერვალს მოხდა და მას შემდეგ, სამოქალაქო ლიდერების გათავისუფლების მოთხოვნით, ქვეყანაში აქციები არ წყდება. ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია