ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის ვაქცინას აქვს უნარი, გაანეიტრალოს კორონავირუსის ახალი შტამები, რომლებიც პირველად ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა.
New England Journal of Medicine-ს წერილის მიხედვით, ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ვაქცინა ბრაზილიურ და ბრიტანულ შტამებს გასულ წელს გავრცელებული შტამის ექვივალენტური ხარისხით ანეიტრალებს. რაც შეეხება აფრიკულ შტამს, მისი ნეიტრალიზაციის ხარისხი ძლიერი, თუმცა სხვა შტამებთან შედარებით, დაბალია.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მონაცემები რეალურ პირობებში გადამოწმებას საჭიროებს, მისი პირველადი შედეგები იმედისმომცემია. არსებობდა შიში, რომ ვაქცინები ახალ შტამებთან მიმართებით ეფექტიანობას ვერ შეინარჩუნებდნენ. ვაქცინის მწარმოებლები, მათ შორის, BioNTech-ი, უკვე მუშაობენ აცრებზე, რომლებიც მუტირებული ვერსიებისთვის ეფექტიანი იქნება.
ბრაზილიური შტამისგან თავდასაცავად საიმედო შედეგი აჩვენა AstraZeneca-მაც. თუმცა AstraZeneca-ს ვაქცინას სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ ნაკლები გავლენა ჰქონდა, რის გამოც, ქვეყანა Johnson & Johnson-ის გამოყენებაზე გადავიდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტიმ ლო