LIVE

კალაძე: 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ

07 ივნ 202311:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 554
კალაძე: 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. მისი განმარტებით, პირველ რიგში მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება მოხდება.

„10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ. ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. დღის განმავლობაში ბევრი ავტომობილი გადაადგილდება და რა თქმა უნდა, საჭიროა რეაბილიტაცია. 

პირველ რიგში განახლებას საჭიროებს მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. უმძიმეს მდგომარეობაშია. ვიწყებთ ამ სამუშაოებით.

1 600 მეტრი გზის სავალ ნაწილზე დაეგება ასფალტის საფარი. მოეწყობა ტროტუარები. გარეგანათების ქსელი, ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც ჰაერშია გადაჭიმული, ყველაფერი, მიწისქვეშ იქნება ჩატანილი. დამონტაჟდება განათების ბოძები და ახალი ლედ სანათები. ტერიტორიაზე ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. 

როდესაც მიწისქვეშა კომუნიკაციებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, იგულისხმება საკანალიზაციო ქსელის, წყალმომარაგების, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია“, - აღნიშნა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.

ტრანსპორტს მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით.

ასევე პერიოდულად, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, შეიზღუდება უნივერსიტეტისა და მიმდებარე ქუჩებს შორის ავტომანქანების მოძრაობა.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა. კერძოდ: 

N363 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად - სოფელ თხინვალადან პეტრე ქავთარაძის ქუჩით დაუკავშირდება უნივერსიტეტის ქუჩას და დაეშვება თამარაშვილის გამზირისკენ, შემდეგ კი გაემართება სოფელ თხინვალას მიმართულებით.

N302, N304, N310, N392 ავტობუსები უნივერსიტეტის ქუჩისა და გიორგი დანელიას ქუჩის კვეთასთან წრეზე მობრუნდებიან კვლავ უნივერსიტეტის ქუჩისკენ, სადაც იქნება მათი ბოლო გაჩერება.