LIVE

სუბსიდირება თხილის სექტორის პრობლემებს ვერ მოაგვარებს - ISET

05 ივნ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 542
სუბსიდირება თხილის სექტორის პრობლემებს ვერ მოაგვარებს - ISET

მთავრობა თხილის სუბსიდირებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს კიდევ ზრდის, რითაც ფერმერების ნაწილი კმაყოფილია, თუმცა სექტორში აღნიშნავენ, რომ სისტემური გამოწვევებია, რასაც სუბსიდია ვერ მოაგვარებს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი აგრარული პოლიტიკის მიმართულებით, სალომე გელაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" აცხადებს, რომ სუბსიდირების მექანიზმი ორიენტირებულია ერთჯერადი და ცვლადი ხარჯების შემცირებაზე და გრძელვადიანი ეფექტი ვერ ექნება. 

"გრძელვადიან პერიოდში ასეთი ტიპის სუბსიდიები შედეგიანი არ არის, ეს ვნახეთ, როდესაც ხდებოდა აგრობარათების ერთჯერადად გადაცემა, იმისთვის რომ გვქონდეს ცვლილება, ისეთ სისტემურ პრობლემებზე უნდა გვქონდეს მიმართული ბიუჯეტი, როგორიცაა მაგალითად დრენაჟის აუცილებლობა, სამელიორაციო სისტემები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოძველებულია. დასავლეთში, რომელიც ამ კულტურის მთავარი მწარმოებელი რეგიონია, გვაქვს უხვნალექიანობის პრობლემა, რაც ხარისხზე ცუდად აისახება, ასევე არის საშრობი და სასაწყობე მეურნეობების ნაკლებობაც",- აცხადებს სალომე გელაშვილი. 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სამინისტრო თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამის დასაფინანსებლად 2022-2023 წლებში  ჯამურად 23 980 000 ლარს გამოყოფს, რაც თავდაპირველ ბიუჯეტზე 3 045 000 ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბიუჯეტი აქამდე ერთხელ უკვე გაიზარდა. მთავრობის 2023 წლის 3 აპრილის დადგენილებით, თავდაპირველი ბიუჯეტი, რომელიც 20 935 000 ლარს შეადგენდა, 21 470 000 ლარამდე გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სუბსიდირებით სარგებლობისთვის აუცილებელია ფერმერმა თხილის ბაღები დაარეგისტრიროს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებულია 40 ათასამდე ჰექტარი თხილის ბაღი.