LIVE

თებერვალში რუსეთში ნავთობის გამომუშავება შემცირდა

02 მარ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 388
თებერვალში რუსეთში ნავთობის გამომუშავება შემცირდა
Andrey Rudakov/Bloomberg

თებერვალში რუსეთში ნავთობის მოპოვება შემცირდა და OPEC+-ის დაწესებულ კვოტამდე ვერ მიაღწია, რაც გასული წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ენერგეტიკის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, თებერვლის თვეში ქვეყანამ 38.56  მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსანტი გამოუშვა, რაც დღეში 10.059 ბარელს შეესაბამება.

კონდენსანტის, ანუ ბუნებრივი აირით მოპოვებული მსუბუქი ნავთობის წარმოება OPEC+-ის შეთანხმების ნაწილი არაა. იმის გამო, რომ ენერგეტიკის სამინისტრო კონდენსანტისა და ნავთობის შესახებ განცალკევებულ ინფორმაციას არ აქვეყნებს, რთულია შეთანხმებასთან შესაბამისობის შეფასება, მაგრამ თუ თებერვალში მისი წარმოება იანვრის პერიოდთან შესაბამისობაში იქნებოდა, მაშინ ნედლი ნავთობის ყოველდღიური გამოშვება დაახლოებით 9.155 მილიონი ბარელი იქნებოდა, რაც OPEC+-ის კვიტაზე დაახლოებით 30,000 ბარელით ნაკლებია.

Bloomberg-ის თანახმად, ნავთობპროდუქტების მწარმოებელმა უდიდესმა კომპანიებმა, Bashneft-მა და Rosneft-მა გამოშვების ყველაზე დიდი ვარდნა განიცადეს - იანვრიდან წარმოება დაახლოებით 18%-ით შემცირდა. Slavneft-მა, რომელსაც Rosneft და Gazprom ფლობენ, წარმოება 2.3%-ით შეამცირა.  

რუსეთსა და მის მოკავშირე ყაზახეთს შეთანხმების საფუძველზე წარმოების ზრდის საშუალება მიეცათ. თებერვალში რუსეთის კვოტა გაიზარდა დღეში 65,000 ბარელამდე და ეს მაჩვენებელი მარტშიც შენარჩუნდება. OPEC+-ის სხვა წევრებმა წარმოების დონე უცვლელი დატოვეს, ხოლო საუდის არაბეთმა წარმოება დღეში 1 მილიონი ბარელით ნებაყოფლობით შეამცირა. OPEC+ მიმდინარე კვირაში შემდგომი პერიოდის წარმოების დონის განსაზღვრისთვის შეიკრიბება.

რუსეთში ნედლი ნავთობის წარმოების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად არანორმალურად დაბალი ტემპერატურა დასახელდა. მსგავსი ვითარება იყო 2017 წელს, როცა რუსეთმა OPEC-თან თანამშრომლობა დაიწყო. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მაშინ ნავთობის გამოშვება საშუალოდ 5000-დან 10 000 ბარელამდე შემცირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ოლგა ტანასი და დინა ხრენიკოვა