სოციალური მედიის ჩინური გიგანტი ByteDance, რომელიც TikTok-ს ფლობს, საგანმანათლებლო მიმართულების გასაძლიერებლად წელს დამატებით 13,000 თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს. კომპანიას სურს, რომ ჩინეთში, სადაც ახლა ონლაინ სწავლების ბუმია, ბაზრის უდიდესი წილი დაიკავოს.
ახალ თანამშრომლებს კომპანია მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში შეარჩევს. მათ შორის იქნებიან პედაგოგები, გრაფიკული დიზაინერები და მინიმუმ 3000 კურსდამთავრებული.
ByteDance-ს საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც Dali-ის სახელით არის ცნობილი და 10 000 თანამშრომელს უკვე აერთიანებს, შარშან შეიქმნა და სკოლამდელი პროგრამებით დაწყებული, ზრდასრულთა განათლებით დასრულებული, განსხვავებულ პროგრამებს მოიცავს.
პანდემიის გამო, დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე, ბოლო თვეების განმავლობაში, ჩინეთში ონლაინ სწავლების ბუმია. წინა წელთან შედარებით, სექტორი 35,5%-ით გაიზარდა და 257,3 მილიარდი იუანი (39,7 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კოკო ლიუ