LIVE

შეზღუდვებმა ეკონომიკა იანვარში 11.5%-ით შეამცირა

26 თებ 202111:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 522
შეზღუდვებმა ეკონომიკა იანვარში 11.5%-ით შეამცირა

2021 წლის იანვარში, საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა გასული წლის იანვართან შედარებით. 

საქსტატის თანახმად, შემცირებულია აქტივობა მშენებლობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფის, ხელოვნების, გართობის და დასვენების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის,  ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის დარგებში. ასეთი კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვებია.

ზრდა მხოლოდ ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დარგებს ჰქონდათ.

 

ეკონომიკის ორნიშნა შემცირებას ეკონომისტები შემაშფოთებელსა და საგანგაშოს უწოდებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ პროცესების მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარება და ის ნაბიჯებია , რომლებიც არ ემსახურება ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას.

''სამწუხაროდ, ნეგატიურ პროცესებში პოზიტიური კუთხეების ჩვენება შეუძლებელია. ამ პროცესების მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარება და ის ნაბიჯებია, რომლებიც არ ემსახურება ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას. დღევანდელი მოცემულობა საგანგაშო და შემაშფოთებელია. ცვლილებებია, ბატონებო, საჭირო, რეფორმებია საჭირო. ვალებით, მოლოდინებით, გაურკვევლობით, ჩაკეტვებით და იმის ძახილით, რომ ეპიდემიაა და ვერაფერს ვერ ვიზამთ, მივალთ კატასტროფამდე.

ბოლო პერიოდში ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობა გლობალიზაციამ, ახლა ამას განაპირობებს პანდემია, ამიტომ თუ არ მოვახდინეთ ადაპტაცია, საფრთხეები გველოდება გლობალური ბაზრიდან, სადაც ყველა საკუთარი ადგილის დამკვიდრებას შეეცდება, ჩვენ კი ამ პროცესებს ისევ რეგიონული ეკონომიკური ღობიდან შევხედავთ, რადგან ვერანაირ ეკონომიკურ პოლიტიკას ვერ ვქმნით'', აცხადებს ეკონომისტი რატი აბულაძე.

 

შეგახსენებთ, საქართველოს შარშან 6.1%-იანი ვარდნა ჰქონდა. მხოლოდ გასული წლის დეკემბერში წლიური კლება 7.8% იყო. მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა პროგნოზები ზრდასთან დაკავშირებით განსხვავებულია. გადამწყვეტი ფაქტორი ეკონომიკური ზრდისთვის ტურიზმის აღდგენის ტემპებია. ჯერჯერობით, ტურიზმის სწრაფად აღდგენის პერსპექტივა არ შეინიშნება.