LIVE

Disney სტრიმინგის გიგანტობას გეგმავს

12 დეკ 202002:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 360
Disney სტრიმინგის გიგანტობას გეგმავს
გები ჯოუნსი/Bloomberg

Netflix-ს კონკურენცია ეზრდება. Walt Disney ვიდეო სტიმინგის სერვისის, "Disney+"-ის გაფართოებას გეგმავს. კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ 2024 წლისთვის მათი სერვისის  გამომწერთა რაოდენობა 350 მილიონს მიაღწევს. 

Walt Disney-მ საკუთარი ამბიციების შესახებ რამდენიმე დღის წინ ღიად განაცხადა ინვესტორებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე, რის შემდეგაც მის აქციებზე ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ნიუ-იორკში აქციების ფასმა 11%-იანი ზრდა აჩვენა და 171 დოლარს მიაღწია. როგორც ჩანს, ინვესტორები სტრიმინგის პლატფორმის გაფართოების შედეგად კომპანიისგან კარგ მაჩვენებლებს ელიან.
 
საერთო ჯამში არხზე 50-მდე ახალი პროდუქტის დამატება იგეგმება. მათ შორის, Marvel-ის, Star Wars-ის და Pixar-ის ახალი შოუების. პანდემიის გამო, ჰოლივუდში სტუდიების შეფრხებით მუშაობის მიუხედავად, არხი ახალ შოუებზე მუშაობას განაგრძობს. კომპანიის ვარაუდით, სტრიმინგის პლატფორმაზე მისი წლიური დანახარჯები $14-16 მილიარდს მიაღწევს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში.

იზრდება არხის გამოწერის საფასურიც. აშშ-ში ყოველთვიური ღირებულება 8 დოლარამდე, ევროპაში კი - 9 ევრომდე ($11) გაიზრდება.

„უზარმაზარმა წარმატებამ შთაგვაგონა, უფრო მეტად ამბიციურები ვყოფილიყავით. ჩვენი  არხი იმაზე ძლიერია, ვიდრე წარმოგვედგინა,“ განაცხადა Disney-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბობ აიგერმა. 

Disney-ის არხზე მომავალ წელს “მარველის” და “ვარსკვლავური ომების” 10-10 სერია გახდება ხელმისაწვდომი. ასევე Pixar-ის და Disney Animation-ის 15-15 სერია. ახალი პროგრამირების ჩამონათვალში შედის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “Raya and the Last Dragon.” სტრიმინგზე ასევე ხელმისაწვდომი იქნება „პინოქიოს“ სერიები ტომ ჰენქსის მონაწილეობით. 

ამჟამად "Disney+"-ს 86.8 მილიონი გამომწერი ჰყავს, მაშინ როცა ოქტომბრის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 73 მილიონს შეადგენდა. გეგმის მიხედვით, 2024 წლის ბოლომდე კომპანიამ ეს მაჩვენებელი თითქმის სამჯერ უნდა გაზარდოს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ქრისტოფერ პალმერი