LIVE

მოსაზრება: რა უნდა ვიცოდეთ Covid-19-ის ვაქცინების ეფექტიანობაზე

24 თებ 202117:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 453
მოსაზრება: რა უნდა ვიცოდეთ Covid-19-ის ვაქცინების ეფექტიანობაზე
Kobi Wolf/Bloomberg

ისრაელის წინასწარ გამოკვლევაში ნათქვამია, რომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ეფექტიანია არა მხოლოდ დაავადების პრევენციისთვის, არამედ SARS-Cov-2-ის გავრცელების შემცირებისთვისაც. ეს ამბავი, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს Covid-19-თან ბრძოლაში, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს კითხვები - კერძოდ, კვლევის მეთოდების, სიზუსტისა და ისრაელის ვაქცინაციის შედეგების რეალური მნიშვნელობის შესახებ. ამ კითხვებს Bloomberg-ის ოფინიონისტი სემ ფაზელი პასუხობს. ფაზელი Bloomberg Intelligence-სთვის ფარმა ინდუსტრიას აშუქებს.

ისრაელის შედეგი მართლაც ისეთი იმედისმომცემია, როგორც ჩანს?

ვაქცინაციის წმინდა გრაალი ინფექციების აღკვეთაა. როდესაც ეს 100% -იან დონეზე ხდება, ვირუსს აღარ შეუძლია დააინფიციროს ადამიანი. მეორე საუკეთესო შედეგი არის დაავადების პრევენცია. ახლა ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ Pfizer-BioNTech ვაქცინა Sars-Cov-2 ვირუსით დაინფიცირებას 90% -ით ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამამხნევებლად ჟღერს, საჭიროა სერიოზული სიფრთხილე. თუ ძალიან გავთამამდებით, უარსი შედეგის წინაშე დავდგებით.

როგორ ხდება ვაქცინებით დაინფიცირების შემცირება? 

რესპირატორული ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ცხვირის მიდამოებში ან ფილტვებში ანტისხეულების მაღალი დონე, იმისთვის რომ ვირუსი შეჩერდეს. Covid-19-ის ამჟამინდელი ვაქცინები შეჰყავთ მკლავის კუნთში, რაც იწვევს ძლიერ იმუნურ რეაქციას. თუმცა, არა იმ ტიპის, რომელიც ჩვეულებრივ საჭიროა სასუნთქი გზების ფენებში ინფექციის თავიდან ასარიდებლად. ამისთვის გვჭირდება ანტისხეულები, რომლებიც მიეკუთვნებიან IgA ოჯახს და არა IgG ოჯახს, რასაც ამჟამინდელი ვაქცინები უზრუნველყოფენ. IgG ანტისხეულების მაღალმა შემცველობამ შეიძლება მხოლოდ შეამციროს ინფექცია.

რა ვიცით Sars-Cov-2 ვაქცინებით ვირუსის პრევენციის შესახებ?

ვაქცინის გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა ინფექციის პრევენციის რამდენიმე ნიშანი. AstraZeneca- ს ვაქცინამ აჩვენა ასიმპტომური ინფექციების 67% შემცირება. ასევე გვაქვს ისრაელის სამედიცინო ცენტრის მონაცემები, რომ Pfizer-BioNTech ვაქცინა შეიძლება ასიმპტომურ ინფექციებს დაახლოებით 50%-ით ამცირებდეს. ეს ძალიან კარგი სიახლეა, განსაკუთრებით ვაქცინის მიერ დაავადების პროფილაქტიკის 90%-იან ეფექტიანობასთან ერთად.

რატომ უნდა ვიყოთ სკეპტიკურად განწყობილი ბოლო მონაცემების მიმართ?

უახლესი მონაცემები, რომლებიც ასიმპტომური ინფექციების 90%-იან პრევენციაზე მიანიშნებს სერიოზულ კითხვებს ბადებს. პირველი, მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა. მეორე, კვლევების ანალიზის მეთოდის მიხედვით, შესაძლოა ასიმპტომური ინფექციების წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტიანობის დონე გადაჭარბებულად შეფასებული იყოს. ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ჯგუფებს შორის არსებული შედეგების შედარება შეიძლება დემოგრაფიის, სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა გარემოებებზე იყოს დამოკიდებული. ამ ტიპის კვლევებს ყოველთვის ახლავთ ასეთი ნაკლოვანებები. საჭიროა მკაცრი ანალიზი და განხილვა, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს საკითხები გათვალისწინებულია. აღფრთოვანებული ვიქნები ამ მონაცემებით, მას შემდეგ, რაც ისინი  რეცენზირებულ ჟურნალში გამოქვეყნდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ინფექციის პრევენციის მაჩვენებლის პროცენტულობა?

მსგავსი განაცხადის ყველაზე დიდი რისკი არის ის , რომ ვაქცინირებულებმა შეიძლება იფიქრონ, რომ უფრო დაბალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე სინამდვილეში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ადამიანების ქცევაში, როგორიცაა ნიღბების ნაკლებად ტარება და მეტი სოციალიზაცია. ყოველივე ეს სამომავლოდ ვაქცინებისადმი ნდობას საფრთხეს უქმნის.

რა მოხდება, თუ მონაცემები სწორი აღმოჩნდა?

მაშინაც კი, თუ მონაცემები სწორი აღმოჩნდა, მათ შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში. გასაკვირი არ არის, რომ ვაქცინაცია იწვევს ინფექციების გარკვეულ შემცირებას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამის მტკიცებულება ვაქცინების ადრეულ  გამოკვლევებშიც ვნახეთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა ეს კვლევა ვაქცინის ეფექტიანობას მეორე დოზის მიღებიდან ძალიან მოკლე დროში აფასებს, ძირითადად ერთი ან ორი კვირის შემდეგ. ანუ მაშინ, როდესაც იმუნური რეაქცია, ანტისხეულების დონის განეიტრალების თვალსაზრისით, ძალიან მაღალ დონეზეა. რაც სინამდვილეში უნდა ვიცოდეთ არის ის, აღინიშნება თუ არა ინფიცირების რისკის ანალოგიური შემცირება მეორე დოზის მიღებიდან სამ, ექვს ან ცხრა თვეში, როდესაც ანტისხეულების საწყისი დატვირთვა უკვე შემცირებულია.

ამ ყველაფრის შემდეგ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

მთავარია ყურადღება გამახვილდეს მძიმე / კრიტიკული დაავადების შემთხვევებზე, ჰოსპიტალიზაციაზე და სიკვდილიანობაზე. ეს არის ის, რის თავიდან აცილებაც უპირველესი პრიორიტეტია.  როგორც ჩანს, ვაქცინები ამ მიმართულებით ძალიან ეფექტიანია. თუმცა აქაც არსებობს მონაცემებში მიკერძოების რისკი. მეტი დრო გვჭირდება. მე აღფრთოვანებული ვარ ვაქცინებით და მათი პოტენციალით. თუმცა, მეორე მხრივ, მეცნიერებს, ოფიციალურ პირებს და ექსპერტებს ევალებათ, ფრთხილად გაავრცელონ ვაქცინების შესახებ ინფორმაცია და მონაცემები, რათა არ გამოიწვიონ გადაჭარბებული მოლოდინები საზოგადოებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია: Bloomberg Opinion