LIVE

თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაცია 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

27 იან 202313:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1284
თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაცია 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

25 იანვრის მდგომარეობით, თხილის კადასტრში 26,850 ჰა-ზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მეთხილე ფერმერებმა, თხილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ბაღები 2023 წლის 17 თებერვლის ჩათვლით უნდა დაირეგისტრირონ. 

„სოფლის განვითარების სააგენტოს თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლების სოფლებში ვიზიტი წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით ხორციელდება. გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით, ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე. ინფორმაცია განახლებადია ყოველ ოთხშაბათს“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა ჰქონდეს თხილის ბაღი, ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით - 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.

პროგრამაში ჩართული პირები სუბსიდიას ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით მიიღებენ, ეს პროცესი კი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში ქულების გამოყენების ბოლო ვადად 2023 წლის 31 აგვისტო განისაზღვრა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.