LIVE

უკრაინა წელს ეკონომიკის 0.3%-იან ზრდას ელის

27 იან 202314:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 413
უკრაინა წელს ეკონომიკის 0.3%-იან ზრდას ელის

უკრაინის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, გასულ წელს 30.3%-იანი ვარდნის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წელს 0.3%-ით გაიზრდება, 2024 წელს კი 4.1%-იან ზრდას დაუბრუნდება.

ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გამო, ბანკმა გუშინ უცვლელად დატოვა რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც 25%-ს შეადგენს.  

ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ წელს ძალიან ნელ ეკონომიკურ ზრდას და უფრო დიდ სავაჭრო დეფიციტს მოელის, რადგან ეკონომიკა ადაპტირდება ომის რეალობასთან, რაც ასევე გულისხმობს ელექტროენერგიის რეგულარულ გათიშვას და მიწოდების ჯაჭვებისა და ლოგისტიკის შეფერხებას. 

"ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შევამცირეთ ორი ფაქტორის გამო - რუსული სარაკეტო შეტევების გაძლიერება და ინფრასტრუქტურის უფრო სერიოზული დაზიანება", - განაცხადა ბანკის ხელმძღვანელმა ანდრეი პიშნიმ ონლაინ პრესკონფერენციაზე.

პიშნის განცხადებით, განაკვეთი 25%-ზე, სულ მცირე, 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე შენარჩუნდება. 

ბანკის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ბოლო თვეების განმავლობაში სტაბილურია, ის მაინც მაღალ დონეზე რჩება. ოფიციალური პროგნოზით, ინფლაცია შენელებას წლის ბოლოსთვის დაიწყებს და წლის მაჩვენებელი 18.7%-ს მიაღწევს. 2022 წელს სამომხმარებლო ფასები 26.6%-მდე გაიზარდა. 

ახლახან მსოფლიო ბანკმა უკრაინის ზრდის პროგნოზი 1.2 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა და წელს უკრაინაში ეკონომიკის 3.3%-იან, 2024 წელს კი 4.1%-იან ზრდას პროგნოზირებს.

ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ომში მყოფი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს საერთაშორისო დახმარება შეუწყობს. 

პიშნი ვარაუდობს, რომ გასულ წელს მიღებული $32 მილიარდის შემდეგ, უკრაინა წელს პარტნიორებისგან $38 მილიარდზე მეტს მიიღებს. 

სავალუტო ფონდის გასული თვის შეფასებით, მიმდინარე წელს უკრაინას მინიმუმ $39.5-მილიარდის მოცულობის გარე მხარდაჭერა სჭირდება. 

ცნობილია, რომ უკრაინა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების სახით მიმდინარე წელს $19.5 მილიარდს ელის. აშშ-ისგან ქვეყანა, სავარაუდოდ, $10 მილიარდს მიიღებს.