LIVE

კასპში მოქმედი სუნელების საწარმო პროდუქციის ექსპორტს გეგმავს

26 იან 202312:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 705
კასპში მოქმედი სუნელების საწარმო პროდუქციის ექსპორტს გეგმავს

კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედი შპს „იგოეთის“ სუნელების საწარმო პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო, რომელიც 2020 წელს შეიქმნა, 18 დასახელების სუნელს აწარმოებს.

კომპანიის კომერციული დირექტორის ვაჟა ილურიძის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე გატანა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები  აშშ-ის,  იაპონიის, ნიდერლანდებისა  და ყაზახეთის მხარესთან.  

„სუნელების საწარმო კერძო ინვესტიციით შეიქმნა, რაც ძალიან კარგი მაგალითია და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემო წარმოების დაწყების და გაფართოების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, მეწარმეებს საშუალება აქვთ, პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში განახორციელონ ექსპორტი. აღსანიშნავია, რომ „იგოეთის“ სუნელების საწარმოში წარმოებული პროდუქცია აკმაყოფილებს საერთაშორისო უვნებლობის სტანდარტებს, აკმაყოფილებს, როგორც ხარისხობრივი მაჩვენებლებით, ისე შეფუთვით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, რომელიც საწარმოს საქმიანობას გაეცნო.