LIVE

კუმისი: ფასის გაზრდა არ გვინდა, მაგრამ მოგვიწევს

23 იან 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 593
კუმისი: ფასის გაზრდა არ გვინდა, მაგრამ მოგვიწევს

მეფრინველეობის სექტორში ელიან, რომ კვერცხზე და ფრინველის ხორცზე ფასები დამატებით 15%-ით გაიზრდება. მიზეზი რუსეთიდან იმპორტირებული მარცვლეულის და სხვა საკვები საშუალებების გაძვირებაა. 

სექტორის წარმომადგენლები "ბიზნეს ფორმულას" უყვებიან, რომ ფრინველის საკვების თითქმის 90% რუსეთიდან შემოდის, ეს ბაზარი კი არასტაბილურია და ფასები მუდმივად მერყეობს.

კერძოდ, რუსეთიდან ხორბლის, ქერის, სიმინდისა თუ შროტების იმპორტზე გადასახადი, ე.წ მცურავი ბაჟი, ყოველკვირეულად იცვლება. ამ მომენტისთვის გადასახადი $43-დან $58-მდე გაიზარდა, შესაბამისად, სექტორში იქმნება მოლოდინი, რომ ხორცპროდუქტები და კვერცხი გაძვირდება.

"საკმაოდ მერყევი სიტუაციაა და პროგნოზების გაკეთება გვიჭირს, რუსეთზე ვართ დამოკიდებულები, შესაბამისად მათი მხრიდან ფასების ცვლილება ჩვენზე აისახება, ფასის გაზრდა არ გვინდა და ყველაზე ნაკლებად ჩვენ, მწარმოებელს გვაქვს მაგის სურვილი, მაგრამ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, მოგვიწევს," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას "კუმისის" დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი. 

გასულ წელს რუსეთიდან იმპორტული ნედლეული დაახლოებით 20%-დან 25%-მდე გაძვირდა. რაც შეეხება კვერცხს, საქსტატის თანახმად, დეკემბრის მონაცემებით, კვერცხის ფასი წლიურად 5%-ით გაიზარდა.