LIVE

ბრაზილია და არგენტინა საერთო ვალუტის შექმნას განიხილავენ

23 იან 202314:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 436
ბრაზილია და არგენტინა საერთო ვალუტის შექმნას განიხილავენ

ბრაზილია და არგენტინა ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებისთვის ემზადებიან და ამ მიზნით, ერთიანი ვალუტის შექმნას განიხილავენ. ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ და არგენტინის ლიდერმა ალბერტო ფერნანდესმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს.

„ვაპირებთ, რომ ჩვენს ბირჟებზე ბარიერები გადავლახოთ, გავამარტივოთ და გავაუმჯობესოთ წესები და წავახალისოთ ადგილობრივი ვალუტების გამოყენება. ასევე გადავწყვიტეთ, გავაგრძელოთ დისკუსიები საერთო სამხრეთ ამერიკულ ვალუტაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფინანსური, ასევე კომერციული ნაკადებისთვის, საოპერაციო ხარჯებისა და გარე მოწყვლადობის შესამცირებლად“, - ნათქვამია Perfil-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში.

Financial Times-ის ინფორმაციით, მეზობელი ქვეყნები საერთო ვალუტის შესახებ მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებაზე ამ კვირაში განაცხადებენ. ბრაზილია გამოდის ინიციატივით, რომ ახალ ვალუტას "sur" (სამხრეთი) ეწოდოს. 

ერთიანი ვალუტის იდეა თავდაპირველად შარშან ბრაზილიის ფინანსთა მინისტრისა და მისი აღმასრულებელი მდივნის მიერ დაწერილ სტატიაში იყო ნახსენები. იდეა ლულამ კამპანიის დროსაც გააჟღერა.

მემარცხენე პრეზიდენტმა ლულამ თანამდებობა 1 იანვარს დაიკავა. პრეზიდენტის რანგში პირველი საერთაშორისო ვიზიტით ის არგენტინას ესტუმრა, რითაც მან რეგიონში ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორთან პირველი ვიზიტის წესი დაიცვა.

ლულას მეზობელ არგენტინაში ვიზიტი ასევე ნიშნავს ბრაზილიის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების თანამეგობრობაში (CELAC) დაბრუნებას. კუბასა და ვენესუელას ჯგუფში ყოფნის გამო, ბრაზილიამ ის 2019 წელს, წინა ულტრამემარჯვენე პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს გადაწყვეტილებით დატოვა.