LIVE

გუდაურში ადგილობრივებისგან სიტყვიერ ძალადობას და მუქარას განვიცდით - პოლონელი ინსტრუქტორი

21 იან 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1088
გუდაურში ადგილობრივებისგან სიტყვიერ ძალადობას და მუქარას განვიცდით - პოლონელი ინსტრუქტორი

უცხოურ მედიაში თუ სოციალურ ქსელებში აქტიურად იწერება იმის შესახებ, თუ როგორ ავიწროებენ გუდაურში ადგილობრივები უცხოელ ინსტრუქტორებს.

პოლონელი ინსტრუქტორი მარჩინ ილი, რომელმაც ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელა, "ბიზნეს ფორმულასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ადგილობრივების მხრიდან ყოველდღიურად განიცდიან სიტყვიერ ძალადობასა და მუქარას, რის გამოც, არაერთმა უცხოელმა უკვე დატოვა საქართველო.

მარჩინ ილის თქმითინფორმირებულია პოლონეთის საელჩო, ასევე  პოლიცია.

"საქართველოში პირველად ვარ. აქ სამუშაოდ ლეგალურად, 1 იანვარს ჩამოვედი, თუმცა ადგილობრივების მხრიდან, რომლებსაც ჩვენ მაფიაც კი შევარქვით, ყოველდღიურად განვიცდით სიტყვიერ ძალადობასა და მუქარას. საკმარისია გაიგონ უცხო ენა, მოდიან და გვეუბნებიან, რომ ჩვენ აქ ვერ ვიმუშავებთ. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე ვაცნობე პოლონეთის საელჩოს. საქმის კურსშია პოლიციაც. თუმცა არ მაქვს მოლოდინი, რომ მათ ექნებათ შესაბამისი რეაგირება. ამიტომ, სხვა ინსტრუქტორების მსგავსად, უახლოეს პერიოდში პოლონეთის მიმართულებით ბილეთის შეძენას და დაბრუნებას ვაპირებ", - განაცხადა მარჩინ ილმა.

ადგილობრივების მხრიდან უცხოელების შევიწროებაზე ინფორმაცია ავსტრალიურ მედიაშიც გავრცელდა. როგორც მედია იუწყება, 100-მდე უცხოელი, მათ შორის, ზოგიერთი ავსტრალიელი ინსტრუქტორი გუდაურში მუშაობას ვერ ახერხებს.