LIVE

საფრანგეთში გაფიცვებმა მთელი ქვეყანა მოიცვა

19 იან 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 438
საფრანგეთში გაფიცვებმა მთელი ქვეყანა მოიცვა

პროტესტის ნიშნად, დღეს საფრანგეთში მატარებლები შეჩერდა, სკოლები დაიხურა და გადამამუშავებელი ქარხნების გადაზიდვები შეწყდა. ამ ფორმით მუშები ცდილობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმა შეაჩერონ. 

საპროტესტო აქციები მთელ საფრანგეთშია დაგეგმილი.

მასშტაბური გაფიცვები და გამოსვლები მთავარი გამოცდა იქნება პრეზიდენტ მაკრონისთვის, რომელიც ამბობს, რომ რეფორმა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით ძალიან არაპოპულარულია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საპენსიო სისტემის შესანარჩუნებლად.

დასავლური მედია წერს, რომ თავის მხრივ, ეს პროტესტი გამოწვევაა პროფკავშირებისთვისაც, რამდენადაც პროცესი გამოააშკარავებს, მასობრივი სოციალური პროტესტი აიძულებს თუ არა მთავრობას, შეცვალოს თავისი გეგმები.  

საფრანგეთის მთავრობა 2030 წლისთვის, საპენსიო სისტემის ძირითადი რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას გეგმავს 

პენსიების რეფორმა იყო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი მთავარი დაპირება 2017 წელს, როდესაც ის საფრანგეთის პრეზიდენტად პირველად აირჩიეს.   

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ელიზაბეტ ბორნის თქმით, ცვლილებები აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული სისტემაში დიდი დეფიციტი. მისივე განმარტებით, მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ უმოქმედობა უპასუხისმგებლობა იქნებოდა. 

უახლესი გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 80% საპენსიო ასაკის 64 წლამდე გადაწევას ეწინააღმდეგება.