LIVE

ბიზნესი ტურიზმის შესახებ კანონზე: ამ ფორმით მიღება დარგის 90%-სთვის გამანადგურებელია

20 იან 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 846
ბიზნესი ტურიზმის შესახებ კანონზე: ამ ფორმით მიღება დარგის 90%-სთვის გამანადგურებელია

ტურიზმის სექტორის კანონპროექტთან დაკავშირებით ბიზნესს არაერთი შენიშვნა აქვს. კერძო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი არსებული ფორმით მიღება დარგის 90%-სთვის გამანადგურებელი იქნება. 

უფრო კონკრეტულად, ერთ-ერთ პრობლემად ტურისტული კომპანიებისა და ტურისტების ურთიერთობა სახელდება. კერძოდ, ახალი კანონის მიხედვით, თუ გაფრენამდე 4 საათით ადრე მგზავრმა ტურში წასვლა გადაიფიქრა, ტურისტული კომპანია ვალდებული ხდება თანხა სრულად დააბრუნოს, რასაც თავად კომპანიები შეუძლებლად მიჩნევენ. გარდა ამისა, როგორც "ვოიაჟერ 365-ის" გენერალური მენეჯერი, გოგა ქუცნიაშვილი განმარტავს, კანონის ჩანაწერების მიხედვით ბუნდოვანია ეს ცვლილება ეხება მხოლოდ ავიაბილეთების ფასს, სასტუმროებს და თუ სხვა სახის სერვისებს. 

"თავის დროზე რომ ეკითხათ ჩვენი, ტურიზმის სექტორის აზრი, დარწმუნებული ვარ კანონის მიღება ამ ფორმით ნამდვილად არ განიხილებოდა. 10 პუნქტიდან 9 სრულიად მიუღებელია. მომხმარებლის უფლებების დაცვის ყველა ფორმა გვესმის, მაგრამ 4 საათით ადრე თუ გააუქმა ფრენა, მისთვის თანხის სრულად დაბრუნება შეუძლებელია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ეს ფული უკვე გადახდილი გვაქვს ავიაკომპანიისთვისაც და სასტუმროსთვისაც, რომლებიც უკან არაფერს აბრუნებენ. ამასთან, ახალი კანონი არ ითვალისწინებს ტურისტული კომპანიებისა და ტუროპერატორების ერთმანეთისაგან გამიჯვნის აუცილებლობას. არადა ამ უკანასკნელს ბევრად მეტი ვალდებულება აქვს, მათ შორის პასუხისმგებელია ე.წ. ჩარტერულ რეისებზეც. მოკლედ, მომხმარებლის უფლებების დაცვამ არ უნდა გამოიწვიოს ტურიზმის სექტორის უფლებების შელახვა, ახალი კანონი კი ზუსტად ასეთია", - ამბობს გოგა ქუცნიაშვილი

ბიზნესის ნაწილისთვის მიუღებელია მათ საქმიანობაში კონკურენციის სააგენტოს იმ ფორმით ჩარევაც, როგორც ამას ახალი კანონი ითვალისწინებს. იმისა დასადგენად, თუ რამდენად ადეკვატურია კომპანიების დაზღვევა ან საბანკო გარანტია, კომპანიები ვალდებულნი ხდებიან სააგენტოს თავიანთი გაყიდვების შესახებ წლიური და კვარტალური ანგარიში წარუდგინონ. "ჯორჯია ჰოლიდეისის" დირექტორის, ბაჩო ქართველიშვილის თქმით, პანდემიისა და უკრაინაში ომის ფონზე განვითარებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამო, თითქმის შეუძლებელი გახდა ჯავშნების მიხედვით რაიმე პროგნოზების განსაზღვრა და მონაცემების წინასწარ დათვლა.

"კანონზე მუშაობის პროცესში კომპანიების დიდი ნაწილი აღმოვჩნდით თამაშგარე მდგომარეობაში და გაურკვეველია რატომ. ბიზნესის დიდი ნაწილისთვის (თუ ყველასთვის არა) სრულიად მიუღებელია კონკურენციის სააგენტოს უხეში ჩარევა ჩვენს შიდა განაწესში. ითხოვენ ისეთ რეპორტებს, რაც წესით კერძო სექტორისთვის კონფიდენციალური ინფორმაციაა. თანაც, დღეს იმდენად ყველაფერი არაპროგნოზირებადი გახდა, ტურისტების ბოლო წამს ჯავშნიან ტურებს, ამიტომ რამდენიმე თვით ადრე გაყიდვების შესახებ ანგარიშის წარდგენა შეუძლებელია. კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგს მთავრობა იმით ამართლებს, რომ თუ მაგალითად დადგება ისეთი მომენტი, როცა კომპანია მომხმარებელს ზარალს ვერ აუნაზღაურებს, ასეთ შემთხვევაში მას სჭირდება საგარანტიო თანხა. ეს ნაწილი გასაგებია, მაგრამ მთავრობა გვეუბნება იმასაც, რომ მოდი ჩვენ განგისაზღვრავთ რამდენი უნდა იყოს ეგ თანხაო - ესაა თავისუფალი ბაზრის პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედება. ვესაუბრე ჩვენს ევროპელ კოლეგებსაც და დასავლეთში ეგეთი რამ საერთოდ არ ხდება. ამ სახით თუ მიიღეს კანონი, ბიზნესი ალბათ პროტესტის სხვა ფორმას მიმართავს", - აღნიშნავს ბაჩო ქართველიშვილი. 

ტურიზმის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცვლილებების მიხედვით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება, აქ მოიაზრება როგორც ტუროპერატორები, ისე გიდები, ასევე მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობები. ბიზნესი იმედოვნებს, რომ შემდგომ განხილვებზე მათი მონაწილეობა უფრო გაიზრდება და კანონის მიღებამდე შენიშვნების გათვალისწინება მოხდება.