LIVE

ღარიბაშვილი: საქართველოს მიზანია, განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს

19 იან 202310:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 323
ღარიბაშვილი: საქართველოს მიზანია, განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მიზნად ისახავს, განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს. ღარიბაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

დავოსში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმინისტრმა გერმანული ენერგეტიკული კომპანია RWE AG-ის აღმასრულებელ დირექტორთან მარკუს კრებერთან გამართა შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოს ენერგოსექტორი, ასევე მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონული პროექტები.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შევხვდი გერმანიის ქალაქ ესენში სათაო დაწესებულების მქონე მრავალეროვნული ენერგოგენერაციის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს კრებერს. განვიხილეთ საქართველოს ენერგოსექტორი, მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონული პროექტები. საქართველო მიზნად ისახავს, განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს“, - აღნიშნავს პრემიერმინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად, RWE AG-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში მოიწვია.

შეგახსენებთ, გერმანული მრავალეროვნული ენერგეტიკული კომპანია RWE AG-ი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორისაა: იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, თურქეთი, შეერთებული შტატები, ჩინეთი და იაპონია.

კომპანიის პორტფელი მოიცავს ქარის, მზის, წყალბადის, ბატარეების, გაზისა და სხვა განახლებადი ენერგიის წარმოებას. RWE AG-ში დასაქმებულია 19 000-ზე მეტი ადამიანი, შემოსავალი კი, 24,5 მლრდ ევროს შეადგენს.