LIVE

“DRG-ის ეს ფორმა დამღუპველია ტრავმატოლოგიისთვის" - რა შენიშვნები აქვთ კლინიკებს?

18 იან 202316:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 670

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის სახელმწიფო კლინიკების ექიმების ნაწილი DRG-ის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.

კლინიკებში ამბობენ, რომ ჯანდაცვის დაფინანსების ახალი მოდელი ისეთ სამედიცინო შემთხვევებს, როგორიცაა მაღალტექნოლოგიური ოპერაციები და რეანიმაციული ხარჯები, სრულად ვერ ფარავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ლევან ჩიკვატიას თქმით, ტრავმატოლოგია-ორთოპედიასთან დაკავშირებული ოპერაციები ძვირადღირებულ სახარჯ მასალას და იმპლანტებს მოითხოვს, რასაც დაფინანსების ახალი სისტემა ვერ ფარავს. მისი შეფასებით, DRG-ის მსგავსი მოდელი „ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის დამღუპველია“. შესაბამისად, მან ოპერაციების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

„DRG-ის ფასების გათანაბრებამ გამოიწვია უხარისხო, საერთოდ რეგისტრში არმყოფი იმპლანტების ამოტივტივება, რაც შემდგომში პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და შედეგზე!

4-თვიანი ლოდინის, საუბრების და პეტიციების მიუხედავად, არაფერი იცვლება. ჩატარებული ოპერაციიდან მიღებულ ხელფასზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი - ძირითადად 80-120 ლარის დიაპაზონში მერყეობს!

ვინაიდან მე გახლავართ სახელმწიფო კლინიკის თანამშრომელი, ჩვენთან (გამომდინარე გარემოებებიდან) საერთოდ შეუძლებელია ვარირება იმპლანტებთან მიმართებით ანუ მე მაქვს უფლება ჩაგიყენოთ “ნაგავი” 80-120 ლარად და მორჩა!!! შესაბამისად, მე - ლევან ჩიკვატია, იძულებული ვარ შევწყვიტო (იმედია, დროებით) ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, - წერს ირაკლი ჩიკვატია სოციალურ ქსელში.

DRG სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ კერძო კლინიკებშიც. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ჯანდაცვის ასოციაციაში განუცხადეს, დაფინანსების ახალი მოდელი კომპლექსურ ოპერაციებს, რეანიმაციულ ხარჯებს და მაღალი ღირებულების სახარჯ მასალებს სრულად არ ფარავს. ამასთან, ასოციაციის ინფორმაციით, ახალი სისტემის ფარგლებში პაციენტების ნაწილს თანაგადახდით გათვალისწინებული ხარჯები გაეზარდა, რის გამოც მათმა ნაწილმა მკურნალობის კლინიკაში გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ასოციაციაში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია ჯანდაცვის სამინისტრო და მოლოდინია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები განხორციელდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ DRG-ის ფარგლებში რიგი მიმართულებებით დაფინანსება გაიზარდა, ამან გამოიწვია, რომ პაციენტების ნაწილს, რომელთა თანაგადახდაც მაგალითად, 30%-ია, ჯამური გადასახდელი თანხა გაეზარდა. შესაბამისად, ეს პაციენტებისთვის დამატებითი ფინანსური ტვირთი გამოდგა, რის გამოც მათმა ნაწილმა სტაციონარში მკურნალობაზე უარი განაცხადა. ამასთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია ჯანდაცვის სამინისტრო და იგეგმება ცვლილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მაქსიმალური თანხის მოცულობა, რისი თანაგადახდაც შეიძლება პაციენტს დაეკისროს. თუმცა რჩება სხვა არაერთი პრობლემა. მაგალითად, მაღალტექნოლოგიური ოპერაციები და ძვირადღირებული სახარჯი მასალები სრულად არ ფინანსდება. ასევე გამოყოფილი დაფინანსებით საკმაოდ რთულია რეანიმაციული მძიმე პაციენტების მართვაც,“ - განაცხადა "სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის" დირექტორმა, მაია მახარაშვილმა.

DRG-ის დაფინანსების სისტემა საპილოტე რეჟიმში 2022 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კი კლინიკები ახალ მოდელზე სრულად გადავიდნენ. ახალი სისტემა დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.