LIVE

ადგილობრივები გუდაურში უცხოელ მწვრთნელებს ავიწროებენ - ავსტრალიური მედია

18 იან 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 809
ადგილობრივები გუდაურში უცხოელ მწვრთნელებს ავიწროებენ - ავსტრალიური მედია

ადგილობრივი მოსახლეობის გამო, 100-მდე უცხოელი, მათ შორის, ზოგიერთი ავსტრალიელი ინსტრუქტორი გუდაურში მუშაობას ვერ ახერხებს, - წერს ავსტრალიური მედია.

abc.net.au-ის თანახმად, საერთაშორისო სათხილამურო ინსტრუქტორებს განუწყვეტლივ აშინებენ, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან და ეუბნებიან, რომ მათ საქართველოში მუშაობის უფლება არ აქვთ.

გამოცემა ესაუბრა სამ ავსტრალიელ ინსტრუქტორს, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს. 

„ისინი შემოგეხვევიან, შეგაშინებენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მოგაყენებენ და საბაგიროზე არ აგიშვებენ“, - ამბობს ერთ-ერთი ავსტრალიელი.  

ABC წერს, რომ დაძაბულობის შედეგად, სათხილამურო სკოლებმა უცხოელი პერსონალის გაკვეთილები შეაჩერეს.  

”მათ არ სურთ, რომ საფრთხე შეგვიქმნან, იქამდე, სანამ გამოსავალი იქნება”, - ამბობს ერთ-ერთი ავსტრალიელი. 

ავსტრალიელები გუდაურში დარჩენას მთელი სეზონის განმავლობაში გეგმავდნენ, მაგრამ ახლა, როცა ისინი მუშაობას და თანხის გამომუშავებას ვერ ახერხებენ, იძულებულები არიან თავიანთ გეგმებს გადახედონ.

მედიის თანახმად, საერთაშორისო ინსტრუქტორებმა გუდაურში ადგილობრივ პოლიციას მიმართეს, მაგრამ ამით სიტუაცია არ გამოსწორდა.  

მათ ასევე მიმართეს, თავიანთ საელჩოებს საქართველოში, ასევე მათ ქვეყნებში საქართველოს საელჩოებს.  

ავსტრალიას საქართველოში საელჩო არ აქვს, მაგრამ საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის (DFAT) წარმომადგენლის განცხადებით,  საქართველოში ავსტრალიელების მცირე ჯგუფთან კონტაქტშია. 

„ანკარაში [თურქეთში] ავსტრალიის საელჩო დახმარებას უწევს საკონსულო მომსახურების ქარტიის შესაბამისად“, - განაცხადა სპიკერმა. 

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ იგი ასევე დახმარებას უწევს ბრიტანეთის ორ მოქალაქეს და კონტაქტზეა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.  

სათხილამურო სკოლის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუქტორი, ტრისტრამ ტოდი ამბობს, რომ სხვა ადგილებთან ერთად, ის გუდაურში ადრეც მუშაობდა და მსგავსი სიტუაცია არასდროს უნახავს.