LIVE

თურქეთმა 2022 წელს თმის გადანერგვის სერვისით $2 მილიარდის შემოსავალი მიიღო

22 იან 202313:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 784
თურქეთმა 2022 წელს თმის გადანერგვის სერვისით $2 მილიარდის შემოსავალი მიიღო

2022 წელს თურქეთში თმის გადანერგვის მიზნით, ერთი მილიონი ადამიანი ჩავიდა და ამ მომსახურებაში დაახლოებით $2 მილიარდი დახარჯა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა თმის გადანერგვის ბუმზე საუბრისას აღნიშნა. 

„2022 წელს $4 მილიარდის ბრუნვის ნახევარი თმის გადანერგვის სერვისებზე მოდის“, - ამბობს სერვეტ ტერზილერი. 

მისივე თქმით, თითოეული პაციენტი პროცედურებისთვის საშუალოდ $2000-ს ხარჯავს. იგივე პროცედურები ევროპაში მას შეიძლება $5000-დან $10000-მდე დაუჯდეს. 

The London Economic-ის თანახმად, თურქეთი უკვე ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც თმის გადანერგვის ადგილი და ამის მიზეზი ქვეყანაში ათასობით ექსპერტი ქირურგის არსებობაა. 

ტერზილერის თქმით, ქირურგები თმის გადანერგვისთვის ყველაზე თანამედროვე ტექნიკას და ტექნოლოგიებს იყენებენ. ზოგიერთი კლინიკა თმის რობოტული გადანერგვის გამოყენებას იწყებს.

ქვეყანაში მომხმარებლები ძირითადად ევროპიდან, მათ შორის შვედეთიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან და გერმანიიდან ჩადიან. თურქეთში "სამედიცინო ტურისტები" ასევე მიემგზავრებიან ბრაზილიიდან, არგენტინიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და ისრაელიდან.  

ჯანდაცვის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, უცხოელები თურქეთში სტომატოლოგიისთვის და ესთეტიკური ქირურგიისთვისაც ჩადიან. ტერზილერის განცხადებით, სტომატოლოგიური მომსახურების ბრუნვამ გასულ წელს $500 მილიონი, ესთეტიკური მომსახურების ბრუნვამ კი $400 მილიონი შეადგინა. 

ამავე პერიოდში სპა ტურიზმიდან ქვეყანამ $10 მილიარდი მიიღო.