LIVE

საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Wizz Air ლიდერობს

16 იან 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 497
საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Wizz Air ლიდერობს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ინფორმაციით, 2022 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს. აღსანიშნავია, რომ ერთ წელში Wizz Air-მა 588 226 მგზავრი გადაიყვანა.

რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  • Wizz Air Hungary - 13% (588 226 მგზავრი);
  • Turkish Airlines - 12% (546 895 მგზავრი);
  • Pegasus - 9% (408 780 მგზავრი);
  • Belavia - 6% (243 620 მგზავრი);
  • Fly Dubai - 5% (227 612 მგზავრი);
  • Azerbaijan Airlines - 5% (209 415 მგზავრი);
  • Israir - 4% (197 109 მგზავრი);
  • Flynas - 4% (162 462 მგზავრი);
  • Georgian Airways - 3% (148 612 მგზავრი);
  • Fly Arystan - 3% (138 939 მგზავრი).

სააგენტოს თანახმად, გასულ წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 441 316 მგზავრს მოემსახურა, რაც 78%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე, 2019 წელს გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი კი 85%-ს შეადგენს.

2022 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 998 785 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 81%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილი იყო 796 063 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2021 წელთან შედარებით 182%-ია. 2019 წელთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 91%-ს შეადგენს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გასულ წელს 616 885 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წელთან შედარებით 20%-ია, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში, აღდგენილია მგზავრთნაკადის 99%.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ასევე ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში.

2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, მესტია 9 385 მგზავრს მოემსახურა, რაც 83%-ით მეტია ვიდრე 2021 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 9%-ით აღემატება პანდემიამდელ, 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა წინა წელს 2 657 მგზავრი მიიღო, რაც 33%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 35%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. რაც შეეხება ნატახტარის აეროპორტს, 2019 წელთან შედარებით, იქ მგზავრთნაკადი 96%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელთან მიმართებაში ზრდა 148%-ს შეადგენს. აეროპორტი 17 541 მგზავრს მოემსახურა.

2022 წელს, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 21 430 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 16 290-ს, ხოლო ჩარტერების - 5 140-ს. 2021 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 88%-ს შეადგენს.

პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 41 ავიაკომპანია 60 მიმართულებით ოპერირებს. 2022 წელს ქვეყანას 9 ახალი ავიამიმართულება დაემატა, საავიაციო ბაზარზე კი შემოვიდა 10 ახალი ავიაკომპანია. ესენია: Condor Airlines, Flyone Armenia, Varesh Airlines, Flyadeal, Armenia Airways, Pars Air, Southwind Airlines, Air Moldova, Thai Air Asia X და FlyArna.