LIVE

გიორგი იაშვილი: Clubhouse შესაძლოა 20 მლნ. ევროთი დაჯარიმდეს ან ევროკავშირში შეიზღუდოს

22 თებ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1135
გიორგი იაშვილი: Clubhouse შესაძლოა 20 მლნ. ევროთი დაჯარიმდეს ან ევროკავშირში შეიზღუდოს

საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი იაშვილი არ გამორიცხავს რომ ახალი სოციალური ქსელი Clubhouse -ი დააჯარიმონ. მისი თქმით, აპლიკაცია თავისი მუშაობის პრინიციპით არღვევს ევროკავშირის ორ მნიშვნლოვან კანონს. მათ შორის ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას (GDPR) და ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სპეციალურ დირექტივას ელექტრონულ საკომუნიკაციო საშუალებებში კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ - ePrivacy Directive (ePD). ამის შესახებ გიორგი იაშვილი ბიზნესფორმულას ესაუბრა.

„იმისათვის, რომ მე მოვიწვიო 2 ადამიანი Clubhouse-ზე, იძლებული ვარ 500 ადამიანის ტელეფონის ნომრებზე წვდომის საშუალება მივცე აპლიკაციას. ამ გზით მათ შეუძლიათ აკონტროლონ თუ ვინაა ჩემი ტელეფონის სიიდან უკვე დარეგისტრირებული, ვინ არა და ა.შ. ევროკავშირის ქვეყნებში ეს სერიოზული კანონდარღვევაა, რადგან ინფორმაცია ხდება იდენტიფიცირებადი“,- ამბობს გიორგი იაშვილი.

საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის Clubhouse-ს მუშაობის პრინციპის შეცვლა ან ჯარიმის გადახდა მოუწიოს.

„შესაძლებელია, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე მთლიან საკონტაქტო სიაზე წვდომა აიკრძალოს და მაგალითად ჩემი თანხმობით მხოლოდ იმ ორი ადამიანის შესახებ ინფორმაცია გახდეს საკმარისი, რომელსაც მოვიწვევ სოციალურ ქსელში. ზოგადად ევროპული რეგულაცია ისე მუშაობს, რომ ვიღაცამ რომ უჩივლოს, სავსებით დასაშვებია სოციალურ ქსელს აეკრძალოს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის წვდომა ან დააჯარიმონ. ჯარიმის მაქსიმალური თანხა 20 მლნ. ევროა ან წლიური ბრუნვის 4 %, რაც Clubhouse-თვის უფრო მეტი გამოდის ვიდრე 20 მლნ. ევრო.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ცალკე საკითხია აუდიო შეტყობინებებს როგორ იწერენ, სად და რა ვადით ინახავენ. კომპანია ამბობს, რომ აუდიო ფაილებს ძირითადად აშშ-ში ინახავენ, ისიც დროებით, თუმცა არავინ იცის, რას ნიშნავს სიტყვა „დროებით”. გარდა ამისა, მათი მთავარი ტექნიკური პარტნიორი და ქვე-კონტრაქტორი არის შანჰაიში ბაზირებული კომპანია Agora. ჩინეთში მოქმედი რეგულაციების მიხედვით ეს კომპანია ვალდებულია, ჩინეთის მთავრობას მისცეს წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე“, განმარტავს გიორგი იაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აუდიო სოციალური ქსელის Clubhouse-ის სპიკერის განაცხადებით, დაუდგენელმა პირმა სოციალური ქსელის სასაუბრო ოთახებში შეღწევა და აუდიო მასალების მოპარვა შეძლო.

ახალი სოციალური ქსელი Clubhouse გასული წლის გაზაფხულზე შეიქმნა და უკვე 8 მლნ-მდე მომხმარებელი ჰყავს. მისი პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც სოციალურ პლატფორმაზე ილონ მასკი დარეგისტრირდა.