LIVE

დარღვევა ღვინის 18 კომპანიის 30 ნიმუშში აღმოჩნდა - ღვინის სააგენტო

13 იან 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 470
დარღვევა ღვინის 18 კომპანიის 30 ნიმუშში აღმოჩნდა - ღვინის სააგენტო

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ტექნოლოგიური პროცესის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად 2022 წელს ღვინის 48 კომპანია შეამოწმა. სააგენტოს განცხადებით, აღებული 972 ნიმუშიდან დარღვევა 18 კომპანიის 30 ნიმუშში აღმოჩნდა. 

ამასთან, გასულ წელს განხორციელდა 243 საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმლის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული იყო 624 ნიმუში. ამასთან, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების SGS და Bureau Veritas მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 200 ინსპექტირება განხორციელდა. საერთო ჯამში, ინსპექტირების ფარგლებში შეუსაბამობა 19 კომპანიის 33 ნიმუშში აღმოჩნდა.

საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 280 დეგუსტაცია. სააგენტოს ინფორმაციით, 12 632 ნიმუშიდან 630 უარყოფითად შეფასდა. 

"ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლის ფარგლებში, აღებულ იყო 125 ნიმუში, რომლებზეც მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა. ამ დრომდე ადგილობრივ ბაზარზე სავალდებულო სერტიფიცირება მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებსა და ჭაჭას ეხებოდა",- აცხადებენ სააგენტოში.