LIVE

მაკრონი საპენსიო ასაკს ზრდის - პროფკავშირები საპენსიო რეფორმას აპროტესტებს

11 იან 202313:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 835
მაკრონი საპენსიო ასაკს ზრდის - პროფკავშირები საპენსიო რეფორმას აპროტესტებს

საფრანგეთის მთავრობა 2030 წლისთვის, საპენსიო სისტემის ძირითადი რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას გეგმავს. რეფორმის დეტალებმა პროფკავშირების პროტესტი გამოიწვია. 19 იანვარს ისინი გაფიცვის მოწყობით იმუქრებიან.  

პენსიების რეფორმა იყო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი მთავარი დაპირება 2017 წელს, როდესაც ის საფრანგეთის პრეზიდენტად პირველად აირჩიეს.  

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ელიზაბეტ ბორნის თქმით, ცვლილებები აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული სისტემაში დიდი დეფიციტი. მისივე განმარტებით, მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ უმოქმედობა უპასუხისმგებლობა იქნებოდა. 

"ეს აუცილებლად გამოიწვევს გადასახადების მასიურ ზრდას, პენსიების შემცირებას და საფრთხეს შეუქმნის ჩვენს საპენსიო სისტემას", - ამბობს ბორნი.

სიახლეების შესახებ მან ფრთხილად ისაუბრა პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება. ამასთან, დაბალ პენსიაზე მყოფებისთვის გათვალისწინებული იქნება დამატებითი მხარდაჭერა. მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ რეფორმა გააჩენს ფრანგებში შიშს და კითხვებს. 

უახლესი გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 80% საპენსიო ასაკის 64 წლამდე გადაწევას ეწინააღმდეგება.  

საფრანგეთის მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებით, სექტემბრიდან საპენსიო ასაკი ეტაპობრივად (წელიწადში სამი თვით) გაიზრდება. 2027 წლისთვის ის მიაღწევს 63 წელს და 3 თვეს, ხოლო 2030 წელს სამიზნე ასაკს - 64 წელს.

გარდა ამისა, 2027 წლიდან სრული პენსიის მისაღებად პენსიონერს 42-ის ნაცვლად, 43-წლიანი მუშაობის გამოცდილება მოეთხოვება.  

ცვლილებები შეეხება მძიმე სამუშაო გარემოში დასაქმებულებსა და იმ პირებს, რომლებიც პენსიას განსხვავებული პირობებით იღებენ.

შეთავაზებულ ცვლილებებს პარლამენტი მომავალი თვის დასაწყისში განიხილავს.