ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ინფლაციის ტემპი შემცირებას იწყებს და მისი მოლოდინით, პროცესი მომდევნო თვეებში კიდევ უფრო დაჩქარდება.
„ინფლაციის ტემპმა დაიწყო შემცირება, დეკემბერში 9.8%-ის ოდენობით დაფიქსირდა და სრულად ხდება იმ მოლოდინის რეალიზება, რაც ამ მიმართულებით ეკონომიკურ გუნდს გააჩნდა - ინფლაცია შემცირებას იწყებს და ვფიქრობ, მომდევნო თვეებში ინფლაციის შემცირება კიდევ უფრო დაჩქარდება“,- აღნიშნა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლების შეჯამებისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტი როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვით ნაწილში სრულადაა შესრულებული. კერძოდ, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, შემოსულობები გადაჭარბებით (101.1%-ით) შესრულდა და 23.7 მილიარდი ლარი შეადგინა. საგადასახადო შემოსავლების სახით 17.4 მილიარდი ლარია მობილიზებული, რაც გეგმის 100.2%-იანი შესრულებაა. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, 23.1 მილიარდი ლარია დახარჯული, მათ შორის კაპიტალური ხარჯების ნაწილში 6 მილიარდ ლარზე მეტი.
ორნიშნა ინფლაცია გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 9.8%-მდე შენელდა, წინა თვის 10.4%-იანი დონიდან. ნოემბერთან მიმართებით კი 0.3%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა.