ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოში ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ინფლაცია მაღალია და 13.8%-ს შეადგენს. შესაბამისად, მარეგულირებელი ასკვნის, რომ ქვეყანაში ფასების ზრდის ტემპის შენელებას მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის კლება იწვევს.
„ბოლო თვეებში იმპორტირებულ ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების გარკვეულ სტაბილიზაციასა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად, ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. დეკემბერში იმპორტირებული ინფლაცია 5.5%-მდე შემცირდა“, - აცხადებს ეროვნული ბანკი.
რაც შეეხება მაღალ ადგილობრივ ინფლაციას, რაც ქართული ნაწარმის შემთხვევაში 13.8%-ს შეადგენს, ამას ეროვნული ბანკი ერთი მხრივ სურსათის, ხოლო მეორე მხრივ - სერვისების გაძვირებას უკავშირებს.
„მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ერთი მხრივ, სურსათის (პური, ყველი, ხორცის) ფასების ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, მომსახურების გაძვირებას უკავშირდება, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია ბინის ქირისა (წვლილი ინფლაციაში 0.7 პპ) და სანოტარო გადასახდელის გაძვირება (0.3 პპ)“, - აცხადებენ სებ-ში.
მეორე მხრივ, ისიც აღსანიშნავია, რომ მაგალითად ბინის ქირა საქართველოში ძირითადად მიგრანტების ჩამოსვლის შედეგად გამძაფრებულმა მოთხოვნამ გაზარდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 9.8% შეადგინა. ფასების ზრდის ტემპის შენელების მიუხედავად, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.