LIVE

აზიელი ქლები რეკორდულად გამდიდრდნენ

05 იან 202310:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1004
აზიელი ქლები რეკორდულად გამდიდრდნენ

პირველად ისტორიაში, ქალები აზიაში ახლა უფრო მეტ სიმდიდრეს ფლობენ ჯამურად, ვიდრე სხვა რეგიონებში, გარდა ჩრდილოეთ ამერიკისა. თანაც, ქალების კოლექტიური სიმდიდრის მაჩვენებელი აზიის რეგიონში იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვაგან. 

Boston Consulting Group-ის მიერ Nikkei Asia-სთვის ჩატარებული კვლევის თანახმად, 2026 წლისთვის ქალებს აზიის კონტინენტზე (იაპონიის გამოკლებით) $27 ტრილიონი ექნებათ საკუთრებაში, რაც 6 ტრილიონით აღემატება ქალების ხელთ არსებულ ქონებას დასავლეთ ევროპაში. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ქალების ჯამურმა სიმდიდრემ აზიაში დასავლეთ ევროპელი ქალებისას უკვე გადააჭარბა 2021 წლის ბოლოს.

როგორც ირკვევა აზიელი ქალები საკუთარ კოლექტიურ სიმდიდრეს 2019 წლის შემდეგ ყოველწლიურად 2 ტრილიონ დოლარს ამატებდნენ. ეს მკვეთრი ზრდა სავარაუდოდ შემდეგ წლებშიც შენარჩუნდება და აზიელი ქალების სიმდიდრე წლიურად საშუალოდ 10.6%-ით გაიზრდება.

BCG-ის ანალიზი დაფუძნებულია ქალების იმ ფინანსურ სიმდიდრეზე, რაც მოიცავს თანხებს საინვესტიციო ფონდებში, სიცოცხლის დაზღვევას და საპენსიო დანაზოგს, ბირჟაზე დალისტულ ან არ დალისტულ წილებს და სხვა ტიპის საკუთრებას, ვალუტას და დეპოზიტებს, ბონდებს და სხვა მსგავს ფინანსურ აქტივებს.

საკონსულტაციო ფირმამ იაპონია კვლევაში იმ მიზეზით არ შეიყვანა, რომ ქალები აქ, შესადარისი ქვეყნებისგან განსხვავებით, ეროვნული დოვლათის ბევრად მცირე წილს ფლობენ და გარდა ამისა, იაპონიაში ქალების სიმდიდრე ბევრად ნელი ტემპებით იზრდება - წლიურად 2.6%-ით. 

შესაბამისად, კვლევამ მოიცვა ბანგლადეში, ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, პაკისტანი, ფილიპინები, სინგაპური, ტაივანი, ტაილანდი და ვიეტნამი, მალაიზია, მიანმარი, სამხრეთ კორეა და შრი ლანკა.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სიმდიდრე აზიის რეგიონში მკვეთრი გენდერული დისბალანსით გამოირჩევა. არსებული შეფასებით, საპენსიო ასაკისთვის ქალები აზიაში მხოლოდ 74%-ს მოაგროვებენ იმ თანხისას, რასაც ამავე რეგიონის კაცები მოიხვეჭენ. ამას მოწმობს 2022 წლის გენდერული სიმდიდრის თანასწორობის გლობალური ანგარიში. 

მეორე მხრივ, თუკი 2010 წელს ქალი მილიარდერების რაოდენობა რეგიონში მხოლოდ 13 იყო, 2022 წელს ამ რიცხვმა 92-ს მიაღწია. 

და მაინც, აზიელი ქალების 75% არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, სადაც ხელფასები შედარებით დაბალია და მათ წვდომა არ აქვთ სოციალურ დაცვაზე. ამასთან, მოსალოდნელია, რომ კოვიდ-19-ის ეფექტი გენდერულ უფსკრულს კიდევ უფრო გააღრმავებს, ანუ მეტ ქალს და გოგოს უბიძგებს სიღარიბისკენ. 

პრობლემაა შრომის არაპროპორციული გადანაწილებაც, არამხოლოდ აზიაში, არამედ მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გლობალური კვლევა მოწმობს, რომ ქალები ასრულებენ აუნაზღაურებელი საშინაო საქმეების 76%-ს. საბოლოოდ გამოდის, რომ ამ ტიპის აუნაზღაურებელ შრომაზე ქალებს სამჯერ მეტი დრო ეხარჯებათ, კაცებთან შედარებით. შესაბამისად, ამ უკანასკნელთ მეტი დრო და ენერგია რჩებათ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე დასახარჯად.