ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ახალი წელი კლებით დაიწყო, რადგან შედარებით თბილმა ამინდმა გაზზე მოთხოვნა შეამცირა.
ე.წ. ბენჩმარკ ფიუჩერსებზე ფასი თითმის 8%-ით დაეცა, რაც შარშან 21 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია. ამინდის პროგნოზი აჩვენებს, რომ მომდევნო ორ კვირაში ევროპის უმეტეს ქვეყანაში ტემპერატურა სეზონურ ნორმაზე მაღალი იქნება, რაც კონტინენტს დაეხმარება გადაავადოს გაზის მარაგების ზედმეტი ხარჯვა, ვიდრე ზამთრის მკაცრ სიცივეებს დაიჭერს.
ერთწლიანი რყევების და უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებასთან ერთად რეკორდული ღირებულების მიღწევის შემდეგ, 2023 წელს ბუნებრივი აირის ბაზარი ნაკლებ სტრესულად იწყებს. 2022-ის მიწურულს, დეკემბერში გაზის ფასი 47%-ით იყო შემცირებული, რამდენადაც ევროპამ მოახერხა ჩაენაცვლებინა რუსული გაზის დიდი ნაწილი გათხევადებული ბუნებრივი აირით.
ამ ფონზე, ნაკლებად ცივი ამინდის გახანგრძლივება და წლის ბოლოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნის კლება წარმოების სექტორში ევროპის წისქვილზე ასხამს წყალს. ამასთან, დაბალი ფასი გაზზე შვებაა ინფლაციისთვისაც, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის მასშტაბით ფასების ზრდის ტემპი ისედაც მაღალია.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოქალაქეებს მოუწოდა გააგრძელონ ენერგიის დაზოგვა მომდევნო თვეებისთვის. ამასთან, გასულ კვირაში გერმანიის გაზის მარაგები 90%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა წლის ამ დროისთვის ხუთწლიანი საშუალო 73%-ია.
"გათხევადებული გაზის იმპორტის ახალი ტერმინალები ჩვენს ქვეყანას და ევროპას რუსეთის გაზისგან დამოუკიდებელს ხდის გრძელვადიან პერსპექტივაში," განაცხადა კანცლერმა საახალწლო მიმართვაში.
ამსტერდამში გაზის ერთთვიანი ფიუჩერსები დღეს დილას 2.7%-ით დაბალ ფასად ივაჭრებოდა, მეგავატ საათი €74.28 ნიშნულზე. ამ დროისთვის ვაჭრობის მოცულობა შემცირებულია იმის გათვალისწინებით, რომ საახალწლო პერიოდია.