LIVE

კლინიკებისთვის საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება

30 დეკ 202210:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 912
კლინიკებისთვის საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის პირველი იანვრიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება. 2023 წელს კი პარლამენტს სახარჯი მასალებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირების კანონპროექტი წარედგინება.

„რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა. 

საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის იქნება სავალდებულო. საუბარია მომსახურების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე. სამედიცინო დაწესებულებები ინდივიდუალურად შეძლებენ, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ, აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შორის, უკვე დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ინდივიდუალურად გააკეთონ არჩევანი“, - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს, ამიტომ, 2023 წელს სამედიცინო დაწესებულებებს, აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტი უნდა ჰქონდეთ გაფორმებული, ასევე დასრულებული უნდა იყოს თვითშეფასების ეტაპიც.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, როგორც საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის, ისე სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების რეგულირების დოკუმენტების მომზადებაში აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები.