LIVE

დეკემბერში იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - ISET

29 დეკ 202215:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 926
დეკემბერში იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - ISET

ISET-ის მონაცემებით, დეკემბერში იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთი სტანდარტული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.99 ლარი შეადგინა. გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასი 21.7%-ით, მიმდინარე წლის ნოემბერთან შედარებით კი 0.6% გაიზარდა.

ISET-ის მიერ გამოქვეყნებულ ინდექსში აღნიშნულია, რომ დეკემბერში ხაჭაპურის ინგრედიენტებზე ფასები წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა, კერძოდ:

  • ყველი - ზრდა 27.4%;
  • რძე - ზრდა 20%;
  • კარაქი - ზრდა 17.3%;
  • საფუარი - ზრდა 15.1%;
  • ფქვილი - ზრდა 13.3%;
  • კვერცხი - ზრდა 8.6%.

„წლიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ფასები გაიზარდა საქართველოს ყველა ქალაქში. წელს ყველაზე დიდი ზრდა (28.9%) თბილისში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის თელავი (22.4%), ბათუმი (21.8%) და ბოლოს ქუთაისი (14.1%), სადაც სხვებთან შედარებით მცირე, მაგრამ მაინც მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

2011-2022 წლების მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულება 2022 წლის დეკემბერში თითქმის გაორმაგდა 2011 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (2011 წლის 3.76 ლარიდან 2022 წელს 6.99 ლარამდე გაიზარდა). ხაჭაპურის ღირებულება ყველაზე დაბალი 2012 წლის დეკემბერში იყო და 3.43 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალ ნიშნულს კი 2022 წლის დეკემბერში მიაღწია და 6.99 ლარამდე გაიზარდა“, - აღნიშნულია ISET-ის მიერ გამოქვეყნებულ ინდექსში.

ISET-ში აცხადებენ, რომ საქართველოში სურსათის ფასები ჯერჯერობით ისევ იზრდება, მაგრამ უკვე მერვე თვეა საერთაშორისო ფასები იკლებს, რაც საბოლოოდ ადგილობრივ ბაზრებზეც უნდა აისახოს და ფასებმა შემცირება დაიწყოს.