LIVE

ომის შემდეგ, საქართველოში მცხოვრები უცხოელები გამოკითხული კომპანიების მეოთხედმა დაასაქმა

26 დეკ 202213:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 413
ომის შემდეგ, საქართველოში მცხოვრები უცხოელები გამოკითხული კომპანიების მეოთხედმა დაასაქმა

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ BAG ინდექსის თანახმად, გამოკითხული კომპანიების 24.5% აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში დროებით მცხოვრები უცხოელები (უკრაინელი, რუსი, ბელარუსი) დაასაქმა. 75.5%-ის თქმით კი, ქვეყანაში დროებით მცხოვრები უცხოელი კადრები თავიანთ კომპანიებში არ დაუსაქმებიათ.

აღსანიშნავია, რომ მრეწველობის სექტორში გამოკითხული კომპანიების ყველაზე დიდმა ნაწილმა (45%) დაასაქმა უცხოელი კადრები მის კომპანიაში, მომსახურების სექტორში კი ყველაზე მცირე ნაწილმა (12%).

BAG ინდექსის მიხედვით, ომის შემდეგ საქართველოში დასაქმებული უცხოელი კადრები უმეტესად მაღალი კვალიფიკაციის არიან. 

„იმ კომპანიებს შორის, ვინც დაასაქმა უცხოელი კადრები, 65.2% აღნიშნავს, რომ მათ მიერ დასაქმებული კადრები უმეტესად მაღალი კვალიფიკაციის არიან, ხოლო 34.8% აღნიშნავს რომ მათი აყვანილი კადრების კვალიფიკაციის დონე უმეტესად საშუალოა. ასევე აღსანიშნავია, რომ არცერთ გამოკითხულ კომპანიას არ დაუსაქმებია დაბალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელი კადრები.

სექტორებს შორის, მრეწველობის სექტორში, იმ კომპანიებს შორის, ვინც დაასაქმა უცხოელი კადრები, 80% აღნიშნავს, რომ მათ მიერ დასაქმებული კადრები უმეტესად მაღალი კვალიფიკაციის არიან. საშუალო კვალიფიკაციის კადრები კი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში გამოკითხულმა კომპანიებმა აიყვანეს (75%)“, - აღნიშნულია BAG ინდექსში, რომელიც შრომითი რესურსების საჭიროების შესახებაა მომზადებული.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ BAG ინდექსის თანახმად, 2022 წლის IV კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობისათვის (66%) საჭირო კადრების მოძიება სირთულეებთანაა დაკავშირებული.

კომპანიებისთვის კადრების მოძიების პრობლემა გამწვავებულია, 2021 წლის IV კვარტალთან შედარებით. აღნიშნული მაჩვენებელი 14.6 პროცენტული პუნქტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

აღსანიშნავია, რომ სექტორების მიხედვით, საჭირო კადრების მოძიების პრობლემა განსაკუთრებით ვაჭრობის სექტორში (გამოკითხული კომპანიების 71%) შეინიშნება, რაც 2021 წლის IV კვარტლის მდგომარეობის მსგავსია. პრობლემა, ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა, სადაც გამოკითხულთა 23%-ისთვის საჭირო კადრების მოძიება სირთულეებთან არაა დაკავშირებული. რაც შეეხება დანარჩენ სექტორებს, მომსახურების სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 67%-ისთვის, ხოლო მშენებლობის სექტორში 64%-ისთვის კადრების მოძიება სირთულეებთან არის დაკავშირებული.

BAG ინდექსში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა კატეგორიის კადრებს შორის, გამოკითხული კომპანიები ყველაზე რთულად მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოძიებას მიიჩნევენ.

გამოკითხულ კომპანიათა 55.9%-ის შეფასებით, მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოძიების სირთულის დონე მაღალია. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის IV კვარტლის მონაცემთან შედარებით, 8.3 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

საშუალო კვალიფიკაციის კადრების მოძიებას კომპანიათა უმრავლესობა (52.6%) საშუალოდ რთულად აფასებს, ხოლო 27.8% მიიჩნევს, რომ აღნიშნული კვალიფიკაციის კადრების მოძიება ძალიან რთულია. წინა წლის ამავე კვარტლის მონაცემებთან შედარებით, საშუალო კვალიფიკაციის კადრების მოძიება კომპანიებისთვის გართულებულია.

სხვადასხვა კატეგორიის კადრებს შორის, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა ყველაზე მარტივად დაბალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოძიების პროცესს აფასებენ. გამოკითხულთა 20.9% მიიჩნევს, რომ დაბალი კვალიფიკაციის კადრების მოძიება საერთოდ არ წარმოადგენს სირთულეს, ხოლო 26.4%-ისთვის მოძიების სირთულის დონე დაბალია. თუმცა, მეორე მხრივ, 2021 წლის IV კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნადაა (16.8 პპ-ით) გაზრდილი იმ კომპანიების წილი, ვისთვისაც დაბალი კვალიფიკაციის კადრების მოძიება მაღალი სირთულისაა.