ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მომხმარებელთა განწყობის ინდექსის თანახმად, ოჯახის ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრისას, გამოკითხულთა 48.1% აცხადებს, რომ ვალებს იღებს, 33.3%-ის თქმით კი, შემოსავალი ზუსტად ყოფნის.
მოსახლეობის განწყობის ინდექსი აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 45%-ის ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო 12 თვის მანძილზე არ შეცვლილა. 24.4% აცხადებს, რომ ოდნავ გაუარესდა, 18.6%-ის თქმით კი საგრძნობლად გაუარესდა.
აღსანიშნავია, რომ ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსახლეობის მოლოდინები ოპტიმისტური არ არის, რადგან გამოკითხულთა 40.3% აცხადებს, რომ მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის მანძილზე იგივე იქნება. 21.7% ამბობს, რომ ოდნავ გაუარესდება, 13.6% კი ოჯახის ფინანსურის მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესებას ვარაუდობს.
გამოკითხული მოსახლეობის 36.7%-ის თქმით, ბოლო 12 თვის მანძილზე საქართველოში ფასები საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო 26.1% მიიჩნევს, რომ ოდნავ გაიზარდა. რაც შეეხება მოლოდინებს, კითხვაზე, ბოლო 12 თვესთან შედარებით, როგორ შეიცვლება ფასები მომდევნო 12 თვის მანძილზე, 37.5% პასუხობს, რომ ნაკლები ტემპით გაიზრდება, 26.7% კი ამბობს, რომ იგივე დარჩება.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობას, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, გამოკითხულთა 36.1% თვლის, რომ საქართველოში ბოლო 12 თვის მანძილზე ეკონომიკური ვითარება საგრძნობლად გაუარესდა. 31.4% აცხადებს, რომ იგივე დარჩა, 29.2% კი მიიჩნევს, რომ ოდნავ გაუარესდა.
კითხვაზე, როგორ შეიცვლება საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის მანძილზე, 32.8% პასუხობს, რომ იგივე დარჩება. ოდნავ გაუარესების მოლოდინი 22.5%-ს აქვს, საგრძნობლად გაუარესების მოლოდინი კი - 17.8%-ს.