LIVE

აშშ-ში უძრავი ქონების ბაზარი ზედიზედ მეათე თვეა იკლებს

24 დეკ 202213:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 530
აშშ-ში უძრავი ქონების ბაზარი ზედიზედ მეათე თვეა იკლებს

აშშ-ში უძრავი ქონების ბაზარი ზედიზედ მეათე თვეა იკლებს. ნოემბერში სახლების გაყიდვები წინა თვესთან შედარებით 7.7%-ით შემცირდა, წლიურ ჭრილში კი 35.4%-იანი კლება დაფიქსირდა.  

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების მკვეთრ ვარდნაზე გავლენა იქონია სექტემბერსა და ოქტომბერში გაფორმებულმა კონტრაქტებმა, რადგან ამ პერიოდში იპოთეკური სესხის განაკვეთის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია. მას შემდეგ საპროცენტო განაკვეთი ოდნავ შემცირდა, თუმცა საერთო ჯამში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაინც ორჯერ მეტია. ამ ყველაფრის ფონზე ნოემბრის ბოლოს ჯამში გასაყიდი იყო 1.14 მილიონი სახლი, რაც გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით 2.7%-ით არის გაზრდილი.

მიუხედავად სახლების ყიდვა-გაყიდვის შემცირებისა, დაბალმა მიწოდებამ ფასების ზრდის ტემპი მაინც შეინარჩუნა. შედეგად,​ გაყიდვების საშუალო ფასი შარშანდელთან შედარებით 3.5%-ით გაიზარდა და $370 700 დოლარს მიაღწია.

Realtor.com-ის უფროსი ეკონომისტის ჯორჯ რატიუს თქმით, უძრავი ქონების ბაზრის მთავარი გამოწვევა მაღალი ინფლაციაა.

„მაღალი ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები ასუსტებს მსყიდველუნარიანობას. გაყიდვები შემცირდა ყველა რეგიონში, მაგრამ ყველაზე მეტად დაეცა აშშ-ს დასავლეთში, სადაც ფასები ყველაზე მაღალია", - ამბობს ჯორჯ რატიუ.

აღსანიშნავია, რომ გაყიდვები შემცირდა ყველა კატეგორიაში, მაგრამ ყველაზე მკვეთრი ვარდნა პრემიუმ ტიპის კატეგორიაში დაფიქსირდა, სადაც წლიური კლება 41%-ია.