LIVE

CEPA: საქართველოში დემოკრატიის გადატვირთვის დროა

19 თებ 202123:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 524
CEPA: საქართველოში დემოკრატიის გადატვირთვის დროა
Guram Muradov/Civil.ge

აშშ-ს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, დიპლომატი კურტ ვოლკერი და ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ:

ისტორია, მათ შორის, უახლოესი აჩვენებს, რომ დემოკრატია მყიფეა. მისი დაკარგვა ერთი შეცდომითაც შესაძლებელია. დემოკრატიის დასაბრუნებლად კი გრძელი და რთული გზის გავლაა საჭირო. 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმში ამბოხი, შესაძლოა, ამერიკული დემოკრატიისთვის დიდ საფრთხეს არ ქმნიდა, მაგრამ გვაჩვენა, თუ რამდენად ახლოს ვართ უფსკრულთან. იგივე ითქმის დემოკრატიული ტრადიციის მქონე ევროპულ ქვეყნებზე და მით უფრო საქართველოზე, სადაც დემოკრატია ჯერ კიდევ განვითარების გზაზეა. რთულად მოპოვებული გამარჯვებები არც მუდმივია და არც უბრალოდ მორთმეული: დემოკრატიას დაცვა სჭირდება. 

რონალდ რეაიგანმა თქვა: „თავისუფლება შეიძლება ერთ თაობაში დავკარგოთ. ჩვენს შვილებს თავისუფლება შთამომავლობით არ გადაეცემათ. თავისუფლებისთვის უნდა იბრძოლო, დაიცვა, თორემ, მოვუყვებით შვილებს და შვილიშვილებს, როგორი იყო ცხოვრება ამერიკაში, სადაც ადამიანები თავისუფლები იყვნენ“.

და რასაც ახლა ვიაზრებთ, ყველგან ასეა: საქართველოში, ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში, მიანმარში, ტაილანდში და სხვა უამრავ ქვეყანაში, რომლებიც Covid-19-ის ბურუსში ძველ გზებს დაუბრუნდა.

ჩვენ ორნი, ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მხარდამჭერები და მეგობრები, მხარს ვუჭერთ საქართველოს დასავლურ მისწრაფებას და მის გვერდით ვიყავით უფრო მძიმე დროსაც. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რადგან ქართველები ისევე არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი, როგორც ესტონელები და ამერიკელები.

ამასთან, დღეს ჩვენ ვწერთ, რომ ქართულ დემოკრატიაში განვითარებული მოვლენების გამო ღრმად შეშფოთებულები ვართ. ქართულ პოლიტიკაში გადაუჭრელი წინააღმდეგობა ძალიან გაცდა დემოკრატიულ ქცევას. საქართველოს ხალხი იმსახურებს წინსვლას და არა გამოუვალ ჩიხს.

თავს ნუ მოვიტყუებთ. აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც ბევრი ამ შიდა დაპირისპირებას სიხარულით, ან თუნდაც კმაყოფილებით უყურებს. ავტორიტარებს ახარებთ დემოკრატიის მორიგი ექსპერიმენტის ჩაშლა. ოცნებობენ, რომ საქართველო დაბრუნდეს დამონებულ ქვეყანათა ოჯახში, სადაც დემოკრატია "მართულია". არანაკლებ შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დასავლეთში ზოგი, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს „ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში“ ინტეგრაციას, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აღიქვამს კიდევ ერთ შესაძლებლობად იმისთვის, რომ თქვან - „თქვენი ადგილი აქ არ არის“.  

ჩვენ ვიცით, რომ ქართველების გულები სავსეა თავისუფლებით. მათ სურთ იყვნენ მსოფლიოს სხვა თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს შორის. მათ სურთ უსაფრთხოება, კეთილდღეობა და კარგი მმართველობა. საქართველოს დანიშნულებაა, გახდეს NATO-სა და ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ არ ვიცით ერთი ქართველი ოპოზიციაში ან მთავრობაში, რომელიც ამას არ ეთანხმება.

თუმცა, ამ ორგანიზაციების წევრობას მოპოვება სჭირდება. გარე სამყაროსთვის საქართველო უიმედოდ გაყოფილი, გაუაზრებელი დემოკრატიისა და ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. NATO-ს წევრი ქვეყნების არც ერთ მთავრობას არ შეუძლია, დაავალოს თავის მოქალაქეებს, დაიცვან ახალი წევრი ქვეყანა, რომლის დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უნარი და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

პირდაპირ ვიტყვით: ეს წერილი ხელისუფლების ან ოპოზიციის კრიტიკას არ ემსახურება. ეს არის მოწოდება, რომ ორივე მხარემ მოძებნოს საერთო ენა და დაიცვან ყველა ქართველის ინტერესები, განურჩევლად იმისა, აძლევენ თუ არა ხმას ქართულ ოცნებას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ან ვინმე სხვას - ან საერთოდ არცერთს.

ქართველ ხალხს აქვს ძალიან ძლიერი იდენტურობის გრძნობა და საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიოში. ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა ითანამშრომლოს ქართველი ხალხის ამ მაღალი მისწრაფებების მისაღწევად, მაშინაც კი, თუ ისინი სპეციფიკურ საკითხებში არ ეთანხმებიან ერთმანეთს.

პრემიერ-მინისტრის გადადგომით, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრების მცდელობით, საარჩევნო დარღვევების აღმოფხვრის უუნარობით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ისე, რომ არ დადგენილა, რატომ იყო წინა არჩევნები უსამართლო, საქართველო ჩიხში შევა და ეს ქვეყანას მის ფარგლებს გარეთ აზიანებს.

ორივე მხარემ უნდა თქვას უარი ძველ მოთხოვნებზე და ახლებურად შეხედოს, თუ რა სჭირდება ქვეყანას მომავალში. თუკი ამგვარი დიალოგის ფასილიტაცია შეგვიძლია, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მაგრამ თავად საქართველოს ლიდერებმა უნდა აღიარონ, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა და საჭიროა გადატვირთვა.