LIVE

2021 წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება 13.4%-ით გაიზარდა - საქსტატი

16 დეკ 202212:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1166
2021 წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება 13.4%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველომ 35.5 ათასი ტონა ნედლი ნავთობი მოიპოვა, რაც წლიურ ჭრილში 13.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, გასულ წელს მოპოვებულია 147.9 ათასი ტონა ქვანახშირი (2020 წელთან შედარებით 48.9%-ით მეტი) და 16 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი (2020 წელთან შედარებით 1.8-ჯერ მეტი).

რაც შეეხება ელექტროენერგიას, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 13.3%-ით გაიზარდა და 12 645.1 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. საქსტატის თანახმად, ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო გაზრდილი წყალმოდინებით. 

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება 3.7%-ით გაიზარდა და 1 256.5 ათასი კუბური მეტრი შეადგინა. ამავე პერიოდში შემცირებულია სხვა ბიოსაწვავისა და ნარჩენების წარმოება.

ენერგორესურსების სტრუქტურაში უდიდესი წილი (74.2%) მოდის ელექტროენერგიაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებიდან წარმოებული ენერგია (16%), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.

2021 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 13 118.6 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია შეადგინა, რაც 14.3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, გასულ წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 360.2 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი (2020 წელთან შედარებით 5.6%-ით მეტი). რაც შეეხება გაზს, ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ 2 226.5 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 11%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.

ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 39% მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (28.3%) და ელექტროენერგია (23%). 2021 წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 4.8%-ს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენები, ხოლო დარჩენილი 5% მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.