LIVE

Pfizer/BioNTech-ი აშშ-ის მარეგულირებელს ვაქცინის შენახვის პირობების გამარტივებას სთხოვს

20 თებ 202111:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 325
Pfizer/BioNTech-ი აშშ-ის მარეგულირებელს ვაქცინის შენახვის პირობების გამარტივებას სთხოვს
Bloomberg L.P.

Pfizer-ი და BioNTech-ი აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას მიმართვენ და მათ მიერ წარმოებული ვაქცინის ორი კვირის მანძილზე სტანდარტულ ფარმაცევტულ სამაცივრე ტემპერატურაზე შენახვისთვის ნებართვას სთხოვენ, რაც ვაქცინის მიწოდებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

პარტნიორების მიერ წარდგენილი ახალი მონაცემების მიხედვით, ვაქცინის სტაბილურად შენახვა -25-დან -15 გრადუსამდეც შესაძლებელია. არსებული პროტოკოლის მიხედვით, კი რეკომენდებულია ვაქცინა ექვსი თვის მანძილზე -80-დან -60 გრადუსამდე, ულტრა ცივ საყინულეში, სპეციალურ თერმულ კონტეინერში მოთავსდეს. 

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას თქმით, თანხმობის შემთხვევაში, ვაქცინის შენახვის ალტერნატიული მეთოდი აფთიაქებსა და ვაქცინაციის ცენტრებს არსებული მარაგის განკარგვას გაუმარტივებს. თავის მხრივ, პარტნიორები ვაქცინის მარტივად ტრანსპორტირებასა და მის შემდგომ გამოყენებას უზრუნველყოფენ. 

ამჟამად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ფლაკონები სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნება სპეციალური თერმული კონტეინერით, რომელიც ულტრა ცივი საყინულის ფუნქციასაც ასრულებს და ფლაკონების 30 დღის განმავლობაში უსაფრთხოდ შენახვის საშუალებას იძლევა. 

არსებული ვაქცინებიდან Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შენახვა ყველაზე რთულია. Moderna-ს ვაქცინა დაახლოებით ექვსი თვის მანძილზე -20 გრადუსზეც ინარჩუნებს სტაბილურობას და სამაცივრე ტემპერატურაზე 30 დღის განმავლობაში ინახება, მაშინ, როცა AstraZeneca-ს ვაქცინა მთელი ექვსი თვის მანძილზე სტანდარტულ სამაცივრე ტემპერატურაზე ინახება. 

პარტნიორების თქმით, უახლოეს დღეებში Pfizer-ი და BioNTech-ი ამ მოთხოვნით სხვა მარეგულირებელ ორგანოებსაც მიმართავენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეისონ გეილი და ნაომი კრესგე