ჯო ბაიდენი პარსკევს G7 ლიდერების კონფერენციაზე წინამორბედის პოლიტიკისგან განსხვავებით, ინდუსტრიულ დემოკრატიებს თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს.
დიდი შვიდიანის სამიტსა და მიუნhენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჩინეთიდან და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების პასუხად ბაიდენი ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს. ბაიდენისგან განსხვავებით, ტრამპი მოკავშირეებს უპირისპირდებოდა და პრიორიტეტს სავაჭრო გარიგებებსა და აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობების შესამცირებას ანიჭებდა.
სიტყვით გამოსვლისას ბაიდენი, ასევე, ისაუბრებს კიბერუსაფრთხოების განმტკიცებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების შემცირებაზე.
აშშ-ს დემოკრატი უცხოელ ლიდერებს მოუწოდებს, მეტი ძალისხმევა ჩადონ ეკონომიკურ სტიმულებში, ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში. კაპიტოლიუმის შტურმისა და არჩევნებში რუსეთის ჩარევის შემდეგ, ბაიდენი აცხადებს, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა საკუთარი ინსტიტუტების შენარჩუნებისთვის უნდა იბრძოლონ.
ავღანეთის, რუსეთის ქმედებებისა და ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საუბრის გარდა, ბაიდენი სიტყვით გამოსვლის ძირითადი მიზანი ტრანსატლანტიკური პარტნიორობის განახლება იქნება.
„ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს შეირყა ლიბერალური დემოკრატიის საფუძვლები და ვიფქრობ, ბაიდენი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას გამოიყენებს იმის ხაზგასასმელად, რომ აშშ ბრუნდება საიმედო პარტნიორად“ - ამბობს ბარაკ ობამას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპული საკითხების უფროსი დირექტორი, ჩარლზ კუპჩანი.
ევროპაში, ტრამპის ეპოქის დასრულების მიუხედავად, არსებობს განცდა, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში "America First" მიდგომა შენარჩუნდება. G7 დიპლომატისთვის ამერიკის ეს ვექტორი ჯერ კიდევ 2013 წელს გახდა ცხადი, როდესაც ბარაკ ობამამ სირიის სამოქალაქო ომში ჩარევაზე უარი თქვა მაშინაც კი, როდესაც ასადმა ქიმიური იარაღის გამოყენებით ”წითელ ხაზს” გადააბიჯა.
ბაიდენის პრეზიდენტობის აღსანიშნავად მეტი მიზეზი აქვს ანგელა მერკელს, რომელსაც ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა NATO-ს ფარგლებში არასაკმარისი თავდაცვის ხარჯების გამო. მერკელის მორიგი შეშფოთების მიზეზი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში განლაგებული აშშ-ს ჯარების გაყვანის შესახებ ტრამპის ერთ-ერთი ბოლო ინიციატივა გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა ჯარების გაყვანა ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავებამდე შეაჩერა, თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დამოკიდებული იქნება ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებების პროგრესზე.
ბაიდენი აქტიურ როლს ითამაშებს პანდემიასთან ბრძოლაში. დიდი შვიდიანის ვიდეო კონფერენციაზე, რომელსაც ბორის ჯონსონი უმასპინძლებს, ჯო ბაიდენი გააკეთებს განცხადებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები COVAX-ს 4 მილიარდი დოლარით დაეხმარება. ბაიდენი ასევე ოფიციალურად დაადასტურებს პარიზის კლიმატის შეთანხებაში დაბრუნების შესახებ.
ბაიდენის კავშირების აღდგენის დეკლარირებული სურვილის მიუხედავად, ევროპელები არ არიან დარწმუნებულები, რომ მისი პრეზიდენტობა გარდამავალ ცვლილებებს მოიტანს. მერკელმა ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღესვე გააფრთხილა ევროპის ლიდერები, რომ მათ მომავალში მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.
ასევე, გარუკვეველია შეცვლის თუ არა ბაიდენი ტრამპის ტარიფებს ჩინეთის წინააღმდეგ. ევროპაში ბევრი ფიქრობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა შეიძლება გააღრმავოს სავაჭრო კონფლიქტი. მათი სურვილი კი ამგვარი სცენარის თავიდან არიდებაა, რადგან ბაიდენის მიერ პოსტის დაკავებამდე ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ პეკინთან დადო საინვესტიციო გარიგება.
ადმინისტრაციის უფროსმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ახალი ცივი ომი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის, მაგრამ ასევე განაცხადა, ინდუსტრიული დემოკრატიული ქვეყნები ჩინეთთან წარმატებას მხოლოდ ერთობლივი პოზიციის შემთხვევაში მიაღწევენ.
Bloomberg-ის ორიგინალური აქციის ავტორი: ჯასტინ სინკი