LIVE

დეკემბერი სიურპრიზების თვედ რჩება - საბანკო ასოციაცია მოგების გადასახადის გაზრდაზე

06 დეკ 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 619
დეკემბერი სიურპრიზების თვედ რჩება - საბანკო ასოციაცია მოგების გადასახადის გაზრდაზე

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ბანკებისთვის მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდა სექტორისთვის სიურპრიზი იყო. მისი თქმით, სექტორი ახლა კანონპროექტის შესწავლის პროცესშია.

„ვერ ვიტყვი, რომ საბანკო სექტორი აბსოლუტურად არაინფორმირებული იყო, მაგრამ დეკემბერი გარკვეულწილად სიურპრიზების თვედ რჩება და მაინც სიახლეა.

ახლა კანონპროექტის შესწავლის პროცესში ვართ. შეფასებას ვაკეთებთ, თუ რა ეფექტი ექნება აღნიშნულ ცვლილებებს, როგორც ფისკალური კუთხით, ისე საბანკო სექტორზე და ეკონომიკაზე“, - განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან საბანკო სისტემა რისკით შეწონილი აქტივების რეზერვირების ნაწილში აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტზე გადავა. ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, ამან შესაძლოა, საბანკო სექტორს ხარჯი გაუზარდოს.  

„რეალურად აქაც ველოდებით, რომ გარკვეული ნაწილი შეიძლება ამორეზერვდეს და ხარჯებიდან ამოვიდეს. შესაბამისად, საბანკო სექტორისთვის ხარჯი აქაც გაიზარდოს. საკმაოდ კომპლექსური ცვლილებებია“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

მთავრობა ბანკებისთვის მოგების გადასახადს 15%-დან, 20%-მდე ზრდის. ამასთან, ბანკები მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ და აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი გაუქმდება.