LIVE

მთავრობამ დღეს ₾100 მილიონის შიდა ვალი აიღო

06 დეკ 202213:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 390
მთავრობამ დღეს ₾100 მილიონის შიდა ვალი აიღო

დღეს მთავრობამ 100 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალი აიღო. 

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებისა და ვალდებულებების აუქციონების შედეგებზე ავრცელებს ინფორმაციას.

კერძოდ, სებ-ის თანახმად, სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნა 200 000 000 ლარი იყო. 

დღესვე, სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ კი 42 500 000 ლარი შეადგინა. 

სახაზინო ობლიგაცია და სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებია, რომელიც აუქციონის მეშვეობით იყიდება. მისი შემსყიდველები კი მთავრობის კრედიტორები ხდებიან.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში, ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ვალის ლარში აღების არგუმენტად საპროცენტო განაკვეთები დაასახელა. ლაშა ხუციშვილის თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ხოლო ლარში იკლებს, ამიტომ ვალის საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შესამცირებლად ეს ტენდენცია ხელსაყრელია.

2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის მოცულობა 21 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც მთლიანი ვალის 76%-ია. ამასთან, საშინაო ვალის ნაშთმა 31 აგვისტოს მდგომარეობით 6.538 მლრდ ლარი შეადგინა. მომავალ წელს კი მთავრობა 3 მლრდ 628 მლნ ლარის ახალ ვალს აიღებს. აქედან 1.4 მლრდ ლარი საშინაო ვალი იქნება, 2 მლრდ 228 მლნ ლარი კი - საგარეო ვალი. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს საქართველოს მთავრობა 500 მლნ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციების ლარის ბონდებით გადაფარვას გეგმავს.