LIVE

ამერიკული Delta Air Lines პილოტებს ანაზღაურების 34%-ით ზრდას სთავაზობს

03 დეკ 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 403
ამერიკული Delta Air Lines პილოტებს ანაზღაურების 34%-ით ზრდას სთავაზობს

ამერიკულმა ავიაკომპანია Delta Air Lines-მა პილოტებს სამი წლის განმავლობაში ანაზღაურების 34%-ით ზრდა შესთავაზა, რაც ფრენაზე მზარდი მოთხოვნისა და კადრების დეფიციტის პირობებში, ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობის გამოძახილია.

Reuters-ი მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ Delta-ს პილოტები მიიღებენ ანაზღაურების მინიმუმ 18%-იან ზრდას ხელშეკრულების გაფორმების დღეს, დამატებით 5%-იან ზრდას ერთი წლის შემდეგ, მეორე და მესამე წელს კი ზრდა 4-4% იქნება. კომპანია დასაქმებულებს იმასაც ჰპირდება, რომ მათი ანაზღაურება კონკურენტი ავიაკომპანიებისას მინიმუმ 1%-ით გადააჭარბებს.

თუ პილოტები შეთავაზებას დათანხმდებიან და გარიგება შედგება, მოსალოდნელია, რომ ეს Delta-ს კონკურენტ ავიაკომპანიებზეც მოახდენს გავლენას. აღსანიშნავია, რომ წელს არაერთი მსხვილი ავიაკომპანიის დასაქმებულები გაიფიცნენ, ძირითადი მოთხოვნები კი ხელფასის ზრდა და გაუმჯობესებულ სამუშაო პირობები იყო.

ატლანტაში დაფუძნებული ავიაკომპანიის პილოტები კონტრაქტის გარეშე თითქმის სამი წელი მუშაობდნენ, მას შემდეგ, რაც ძველი კონტრაქტის ვადა 2019 წლის დეკემბერში ამოიწურა. ახალ კონტრაქტზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მათ ოქტომბერში განაცხადეს, რომ გაიფიცებოდნენ.