LIVE

მინისტრი: ჩვენი მიზანია, მომავალ წელს თხილის მოსავალი უკეთესი იყოს

03 დეკ 202212:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 1086
მინისტრი: ჩვენი მიზანია, მომავალ წელს თხილის მოსავალი უკეთესი იყოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას თქმით, სახელმწიფო პროგრამის მიზანია, რომ მომავალ წელს თხილის მოსავალი იყოს უკეთესი, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ შამუგია გურიაში, სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროგრამებზეც ისაუბრა.

„მთავრობის პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ ფერმერებს, დავნერგოთ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიები, მივცეთ მეტი ცოდნა, ხელმისაწვდომი გავხადოთ ტექნიკა და ფინანსური რესურსი. ყოველივე ამას აქვს კონკრეტული შედეგები. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან დიდი ზრდა გვაქვს წარმოებაში, ექსპორტში და ეს ტენდენცია გრძელდება. ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლაა - ბოლო 2 წელია ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც  გვაძლევს საშუალებას, ბიუჯეტიდან კიდევ დამატებითი რესურსები მოვიზიდოთ იმისთვის, რომ ფერმერებისა და მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამები განვახორციელოთ.  პროგრამები, რომლებიც საჭიროებებზე იქნება მორგებული. სწორედ ასეთია თხილის წარმოების მხარდამჭერი პროგრამა",- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის  სახელმწიფო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ამ მიმართულებით დაახლოებით 30 მლნ ლარი დაიხარჯება.

მინისტრის განცხადებით, მთავრობამ მსხვილი მეწარმეების ხელშეწყობაზეც იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში მათ საშუალება ეძლევათ, თხილის მოვლისთვის შეღავათიანი აგროსესხით ისარგებლონ.

„ჩვენ 70%-ზე მეტი თხილი ექსპორტზე გაგვაქვს ევროკავშირის ბაზარზე. 100-ზე მეტი კომპანიაა, რომელიც ექსპორტს ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, 22-ზე მეტი თხილის საშრობი და გადამმუშავებელი საწარმო შეიქმნა. შესაბამისად, აქ აზრს მოკლებულია საუბარი რაიმე მონოპოლიაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად გვესმის. რა თქმა უნდა, არის ფაქტორები, რომლებიც თხილის ფასზე მოქმედებს. ეს ფაქტორებია, პირველ რიგში, ხარისხი. ასევე, არის გარემოებები, რომლებიც უკავშირდება საექსპორტო ბაზარზე თხილის მოთხოვნას. წელს სხვადასხვა ფაქტორის გამო, თხილზე ფასი დაბალი იყო. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენ, რომ მეტი საშუალება გქონდეთ, გააუმჯობესოთ მოსავლის ხარისხი და გააუმჯობესოთ შემოსავალი", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ თხილის სუბსიდირებისთვის წელს 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთრებაში, ან სარგებლობაში აქვს 0.2-დან 3 ჰექტრამდე თხილის ფართობი, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით 500 ლარის დახმარებას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ აგრობარათებით, რომლებზეც შესაბამისი თანხის ოდენობით ქულები დაირიცხება, თხილის მოვლისთვის საჭირო სხვადასხვა საქონლის შეძენა იქნება შესაძლებელი.